Google+

რელიზები

23.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს  ბორჯომში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი ბორჯომის პარკის წინ მდებარე სრულიად განახლებულ ცენტრალურ მოედანს ესტუმრა და ახლად აგებული შენობებიც დაათვალიერა. პრეზიდენტი  ადგილობრივ მცხოვრებლებსა და იქ მყოფ უცხოელ ტურისტებსაც გაესაუბრა. ბორჯომელებს იგი ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათი კეთილდღეობის უმთავრესი წინაპირობაა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კურორტია, რომელიც საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს.  პრეზიდენტმა წყლის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ბორჯომი არის საქართველოს მთავარი კურორტი. მისი აღდგენის საშუალება, ამ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ გვქონდა. უკვე გამოვცვალეთ წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემა და ფუნდამენტურ სამუშაოებზე გადავედით.   სიღნაღისა და მესტიის რეაბილიტაციის შედეგად, ბევრი რამ ვისწავლეთ და მიღებული გამოცდილებით უკეთესად შევცვლით აქაურობას. ვიმედოვნებ, ახალი სასტუმროს მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, ხოლო, რაც შეეხება ლიკანის სასტუმროს, ის ყაზახებმა ჩაიბარეს, სამუშაობიც დაიწყეს, მაგრამ როგორც ჩანს ვერ აგრძელებენ. აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ მათ, რათა მისი მშენებლობა წელს განახლდეს. ამას უამრავი ადამიანი ელოდება, რადგან ხალხს დასაქმების შესაძლებლობა და, შესაბამისად,  შემოსავალი გაუჩნდება. რაც უფრო მეტი დამსვენებელი ეყოლება ამ სასტუმროს, მით უფრო მეტი შემოსავალი ექნება კერძო სექტორს. როგორც ვხედავთ, პირველი დამსვენებლები უცხოელები აღმოჩნდნენ - აზერბაიჯანელები, ყაზახები. წარმოიდგინეთ, ბორჯომი იცის მსოფლიოს დიდმა ნაწილმა: რუსეთმა, უკრაინამ, ყაზახეთმა, უზბკეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ბელარუსმა, პოლონეთმა და სხვა. ეს ხალხი უნდა ჩამოდიოდნენ როგოც ზაფხულში, ისე ზამთარში. ხალხმა უნდა ამოისუნთქოს, რადგან გაჭირვება ჯერ კიდევ მძიმე ტვირთად გვაწევს. წინა წლებთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა გაზრდილია, ხოლო  აგვისტოსა და სექტემბერში კიდევ უფრო გაიზრდება. უნდა მივყვეთ და ბორჯომი ბოლომდე გავალამაზოთ. სასტუმროს მშენებლობაც მალე დამთავრდება, პარკშიც ბევრ რამეს ვამატებთ... სხვათა შორის,  უნდა მოვაწესრიგოთ გოგირდის აბანოები და იქამდე გზაც მივიყვანოთ. რაც შეეხება წყალს, ეს  პრობლემა ყოველთვის გადაუჭრელი იყო და, ვფიქრობ, წლის დამლევამდე ესეც მოგვარდება. შეუძლებელია, ბორჯომში ონკანიდან წყალი არ მოდიოდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პარკის შესასვლელის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, სადაც 3 ათას კვადრატულ მეტრზე ქვაფენილი დააგეს და განათების სისტემა გამოცვალეს. პარკში შესასვლელ ხელით ნაჭედ რკინის კარს კი, მე-19 საუკუნის სტილის ბრინჯაოს მოოქროვილი ორნამენტები ამშვენებს.

პარკის სიახლოვეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება. პრეზიდენტმა მშენებლობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ბორჯომში იქნება ტურისტული ბუმი, მისი თქმით, პარკის მიმდებარე ტერიტორიის მსგავსად, მალე მთელი ბორჯომიც განახლდება.

„ბორჯომში ამ გაყოლებაზე იყო ძალიან ლამაზი, მარმარილოს კიბეებიანი სასტუმრო, რომელიც 1990 წელს დაშალეს. ბავშვობაში სულ დავდიოდი ამ ადგილას. შეიძლება კომფორტით დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. სხვა სასტუმროებში, დევნილები შესახლდნენ, ლიკანი კი  ყაზახებმა აიღეს, მაგრამ კრიზისის გამო ვერ გააკეთეს.  მისი მშენებლობის განახლებაზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს. პრაქტიკულად, ბორჯომი  სასტუმროების გარეშე დარჩა. ხალხი ამ სასტუმროს აშენებას ელოდება, რომელშიც 85 ოთახი იქნება. ასევე, ლაპარაკია კიდევ ორ ახალ სასტუმროზე, რომლებიც ამ დაბაში უნდა აშენდეს. მსგავსი სილამაზისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი, საკურორტო და ბალნეოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოში არ არის, ევროპის მასშტაბითაც კი მხოლოდ 2 ადგილას -  კარლოვივარსა და ბადენ-ბადენში შეიძლება იყოს. ეს ძალიან ლამაზი შენობაა - მსგავსი მხოლოდ  ავსტრიასა და შვეიცარიაში თუ მინახავს. აქ ტურისტები აუცილებლად ჩამოვლენ ევროპიდანაც და არაბული ქვეყნებიდანაც", - აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილმა 120 წლის წინ ირანელი დიპლომატის მიერ აშენებული უნიკალური სასტუმრო-სახლი დაათვალიერა. შენობაში ამჟამად რესტავრაცია მიმდინარეობს, თუმცა იმისათვის, რომ ნაგებობის ძველი სტილი არ დაირღვეს, ირანელი სპეციალისტები მოიწვიეს. შენობის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება და სასტუმრო დამსვენებლებსაც უმასპინძლებს. მიხეილ სააკაშვილი სასახლის რეკონსტრუქციაზე მომუშავე პერსონალსაც გაესაუბრა. როგორც მათ პრეზიდენტს განუმარტეს, სასახლეში აღმოჩენილია ირანის შახების ისეთი პორტრეტები, როგორიც ირანშიც არ არის შემორჩენელი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელთა შედეგად ძველი ირანული წარწერებიც გამოჩნდება. ასეთი სასახლე მხოლოდ მონაკოში, თეირანსა და ბორჯომშია შემორჩენილი.

„ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა მთელ საქართველოში. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგანძური, რომელიც ბოლომდე უნდა აღვადგინოთ. აქაურობა დიდი ხნის განმავლობაში ინგრეოდა. შემდეგ აქ შემოსახლდა ხალხი და მას ფუნქცია, პრაქტიკულად, დაეკარგა. ერთი-ორი წელიც და ეს სასახლე საერთოდ აღარ გვექნებოდა. ეს ქუჩა ყოველთვის გამოირჩეოდა ლამაზი სახლებით, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში აქ კატასტროფული მდგომარეობა იყო. ეს ადგილი მალე საქართველოს სიამაყე იქნება. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ ასე უმკლავდებით ამ მძიმე სამუშაოს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომში ბოლივუდელ პროდიუსერებსაც შეხვდა, რომლებიც ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ინდური ფილმების გადაღების პროექტის მიმდინარეობითაც დაინტერესდა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)