მიხეილ სააკაშვილმა მესტიის ცენტრში გაისეირნა და ტრადიციული სვანური კერძები დააგემოვნა
მიხეილ სააკაშვილმა მესტიის ცენტრში ფეხით გაისეირნა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. პრეზიდენტმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მომავალ წელს, სვანეთში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ ორჯერ გაიზრდება. როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო რესურსის გარდა, ტურისტების მთავარი ინტერესი ზამთრის კურორტის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა.
„წელს ორი საბაგირო გზა გაკეთდება, ხოლო მომავალ წელს დაიწყება უშგულისა და თეთნულდის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 2013 წელს დასრულდება. განახლდება მესტია-უშგულის გზაც. ეს ყველაფერი, კომპლექსურად უზრუნველყოფს იმას, რომ გასულ წლებთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა სამჯერ-ოთხჯერ გაიზრდება. რაც მთავარია, აღნიშნული პროექტების განხორციელება შეუწყობს ხელს სვანეთიდან წასული ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნებას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა - „ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი გზა, რომლითაც ზუგდიდიდან მესტიაში საათსა და 45 წუთში ამოვდივართ, თავიდან აგვაცილებს ავტოსაგზაო შემთხვევებს. ძველ გზაზე ბევრი დაიღუპა. ამიერიდან კი ეს აღარ მოხდება, რადგან გზაზე უკვე დამცავი სამაგრები და მანათობელი ბოძები გვაქვს".
საქართველოს პრეზიდენტმა მესტიის ცენტრში ტრადიციული სვანური კერძებიც დააგემოვნა და სვანურ ტრადიციებსა და უძველეს კულტურაზე ისაუბრა.
„ტრადიციული მოხატულობა, რომელიც ახალ შენობებზე კეთდება, პირველად სვანეთის მუზეუმში ვნახე, რომელიც ამჟამად აღდგენის პროცესშია. თავის მხრივ, ეს მუზეუმი წლის დამლევს მართლაც არაჩვეულებრივი და განუმეორებელი იქნება. გარშემო, სადაც ახალ სახლებს აშენებენ, ტრადიციული სვანური მასალა უნდა გამოიყენონ და ტრადიციული მეთოდით უნდა მოიხატოს. სხვათა შორის, როდესაც პიაცას ვაკეთებდით, იმ პერიოდში პერუში, კერძოდ მაჩუ-პიქჩუში ვიყავი - არის ასეთი ადგილი. იქვეა ქალაქი კუსკოა, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ სასწაულად მოიხსენიებენ და წარმოუდგენლი რაოდენობის ხალხი მოგზაურობს მთელი მსოფლიოდან. იქ მეთექვსმეტე საუკუნის შესანიშნავი ხის აივნები ვნახე ოღონდ. მაშინ გამახსენდა, რომ სვანეთში კიდევ უფრო კარგად ამუშავებენ ხეს, ამიტომ სასწრაფოდ დავურეკე აქაურ შენობებზე პასუხისმგებელ პირს და ვუთხარი, რომ ყველა მშენებლობა უნდა გაგვეჩერებინა, რათა ყველაფერი სვანურ ხეში გაგვეკეთებინა. ეს, მართალია, უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ ამის გაკეთება ღირს. შენობებიც ქვით უნდა იყოს გადახურული და არა თუნუქის ფირფიტებით, რაც საბჭოთა კავშირის დროს დაინერგა. ქვისა და ხის ხელოვნებითა და მხატვრობის შერწყმით, საოცარი ახალი არქიტექტურა იქმნება და ეს საქართველოში სხვაგან არსად არ არის. სხვათა შორის, ასეთი დეტალები ბათუშიც გამოვიყენეთ, ევროპის მოედანზე: სვანური სტილი - ევროპის მოედანზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.