Google+

რელიზები

09.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი ფარავანჰესისა და მტკვარიჰესის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა და ფარავანჰესისა და მტკვარიჰესის მშენებლობები დაათვალიერა. რეგიონში მასთან ერთად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იმყოფებოდნენ, რომლებმაც პრეზიდენტს 2011-12 წლების განმავლობაში დაგეგმილი სამუშაოების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. მიხეილ სააკაშვილი არსებული ჰესების რაოდენობითა და სიმძლავრით დაინტერესდა და ამ სფეროს განვითარების პერსპექტივა განიხილა. როგორც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, ფარავნის ჰიდროელექტროსადგური ექსპლოატაციაში 2013 წლის დამლევს შევა, ხოლო მტკვარიჰესის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება.

მდინარე ფარავანზე ჰესის მშენებლობას თურქული კომპანია "ჯორჯიან ურბან ენერჯი" აწარმოებს, თუმცა დასაქმებულთა უმეტესობა, 300-ზე მეტი ადამიანი, ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო ორივე სადგურზე მიმდინარე სამუშაოებზე 600 ადამიანია დასაქმებული. მიხეილ სააკაშვილი მათი სამუშაო პირობებითაც დაინტერესდა. ამჟამად, სამუშაოები ნაგებობის მთავარ ნაწილზე - წყლის გვირაბზე მიმდინარეობს.

„სამუშაოების ძირითადი ნაწილი, რეალურად, ჩვენი მოდერნიზაციის გეგმით, 2015 წელს დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის ჰიდროენერგეტიკას გავაორმაგებთ. შემდეგ წელს ჰესების მშენებლობაზე, დაახლოებით, 12 ათას 800 კაცი დასაქმდება. იმის გათვალისწინებით, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 10-15 ათასამდე ადამიანი საქმდება, დასაქმებულთა რაოდენობა, რეალურად, 30 ათასს მიაღწევს.

პრაქტიკულად, 5 ახალი ზონა გვაქვს, სადაც ინდუსტრიის განვითარებაა შესაძლებელი - ფოთის მიმდებარე ტერიტორია, სენაკი, ქუთაისი, ახალქალაქი-ახალციხე (შენდება ახალი რკინიგზა) და გარდაბანი-თბილისის მონაკვეთი. რაც მთავარია, ყველგან გვაქვს ელექტროგადამცემი ხაზები. რეალურად, ეს არის ინდუსტრიულ-ენერგეტიკული კომპლექსი, რადგან აქ დიდი საწარმოები გაიხსნება. თავდაპირველად, ხალხს მშენებლობებზე ვასაქმებთ, ხოლო მას შემდეგ, რაც ჰესები ამუშავდება, აქ გახსნილ საწარმოებში გაუჩნდებათ დასაქმების შესაძლებლობა. მთავარია, რომ აქ მცხოვრები ხალხი კმაყოფილია. ადრე ისინი გაჭირვებით ირჩენდნენ თავს, ახლა კი მათი ხელფასები 500-700-1000 ლარია და, ამასათანავე, სამსახური სახლთან ახლოს - საკუთარ სოფელში აქვთ. ეს არის რეალობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ფარავანჰესის დადგმული სიმძლავრე 78 მეგავატია, ხოლო გამომუშავება - 425 მლნ კილოვატსაათი, რაც ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელების საშუალებას იძლევა. ფარავანჰესის მშენებლობაზე განსახორციელებელი ინვესტიცია 125 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მტკვარიჰესს, მისი დადგმული სიმძლავრე 43-მეგავატი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასტრასტრაქჩა" აწარმოებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„ჯავახეთის რეგიონი ყველაზე მიტოვებული მხარე იყო საქართველოში, ახლა კი, ყველაზე სწრაფად დაიწყო განვითარება. ვფიქრობ, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ნიშანი ჰესების მშენებლობა უნდა გახდეს. ამ მხრივ, მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში სამუშაო მუდმივად გვექნება. ამასთან, ტურბინების გამოშვებაც უნდა ვისწავლოთ და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჰიდროენერგეტიკის თვალსაზრისით, 80-იან წლებში მსოფლიო დონეზე ვიყავით - ენგური მთლიანად ქართველების აშენებულია და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით ჩამოყავდათ რუსები. ახლა ტექნოლოგიურად ცოტა ჩამოვრჩით და ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენი ნოუ-ჰაუ კარგი მშენებლობაა. უკვე ვსწავლობთ კიდეც ყველაზე სწრაფი ტემპით მშენებლობას, რითაც, შესაძლოა, თურქებს გავუსწროთ და ჩინელებსაც დავეწიოთ. ჰესების მშენებლობაც ასე უნდა ვისწავლოთ. დავისახოთ მიზნად, რომ ქართველები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად აშენებდნენ ჰესებს, რაც სრულებით რეალურია. ამისთვის, ხალხი აზიაში, აფრიკასა და ევროპაში უნდა გავგზავნოთ. ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილი, ეკონომიკურად გამოუცდელი ქვეყანა, სადაც უცხოელი უნდა ჩამოვიდეს და რაიმე ააშენოს. ჩვენ ვიძენთ სათანადო გამოცდილებას და ახლა უნიკალური მომენტია, რომ მისი ექსპორტიც მოვახდინოთ. ამ მშენებლობის შედეგად, ახალი პროფესიონალების თაობა უნდა წამოვიდეს. კეთდება ჰიდროტექნიკის ლაბორატორიაც - ასეთ ლაბორატორიებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუ არ ვცდები, გია ნაცვლიშვილი ქმნის და აქ მთელი ენერგეტიკოსები უნდა შევკრიბოთ. სხვათა შორის წელს, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა სწორედ საინჟინრო სპეციალობები აირჩია. ჯერ-ჯერობით მთავარი მენეჯერი, შესაძლოა, უცხოეთიდან მოვიწვიოთ, მაგრამ ინჟინერი და ტექნიკოსი აუცილებლად ადგილობრივი უნდა იყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)