Google+

რელიზები

01.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის უმცირესობის წევრებსა და გუბერნატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის უმცირესობის წევრებსა და გუბერნატორებს შეხვდა და  თანაგუნდელებს სიტყვით მიმართა. უპირველესად, მან დავით ბაქრაძეს პრაიმერისში გამარჯვება მიულოცა და საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატება უსურვა. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიესალმება დავით ბაქრაძის ინიციატივას, მოლაპარაკება გამართოს ქვეყნის პრემიერ-მინიტრთან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.  

„მინდა ბაქრაძეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში პირველ დემოკრატიულ პრაიმერისში გამარჯვება მივულოცო. გაიმართა მაღალი დონის დებატები, რაც ვფიქრობ ჩვენი პოლიტიკური კულტურის ზრდას შეუწყობს ხელს. ახლა, როგორც არასდროს, უნდა დავირაზმოთ ჩვენი საერთო კანდიდატის გამარჯვებისთვის. ეს არის სისტემა, რომელზეც უმეტეს წილად არის და იქნება დამოკიდებული საქართველოს განვითარება, ჩვენი ერის წინსვლა შემდგომ წლებში. ჩვენ ძალიან კარგი კანდიდატი გვყავს და მას სერიოზული თანადგომა სჭირდება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა. კერძოდ, მან დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება და თენგიზ გუნავას გათავისუფლების ფაქტი  შეაფასა. მისი თქმით, გუნავამ უნდა განაგრძოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და დაუბრუნდეს გუბერნატორის თანამდებობას.   

„ვფიქრობ, თენგიზ გუნავას გამოშვება არა მხოლოდ სამართლებრივად იყო გამართლებული, არამედ იყო სამართლიანი გადაწყვეტილებაც; მისი დაჭერა კი - დიდი უსამართლობა.  იმ ერთი-ორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახლა პროტესტს გამოთქვამენ,  ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა იმ უკანონობაზე, რომელიც თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა ამ პატიოსანი ადამიანის მიმართ. ცალსახაა, რომ მან უნდა განაგრძოს თავისი მოვალეობის შესრულება როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და არ უნდა მივცეთ ადამიანების მოხსნის, დაჭერის დაჩაგვრის საშუალება მხოლოდ იმის გამო, ვიღაცას თვალში არ მოსდის მათი პატიოსნება, წესიერება და პრინციპულობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკრების ფაქტსაც გამოეხმაურა და მთავრობის წარმომადგენლებს მსგავსი საკითხებში სიფრთხილისკენ მოუწოდა.   

„თქვენ იცით, რომ გუშინ და გუშინწინ საქართველოში გაიმართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოპონენტების დიდი შეკრება, რომლებიც აქ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. პოლიტიკური  აქტიურობის უფლება ყველას აქვს, ჩვენ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს მართავს და აფინანსებს რუსეთის ფედერაციის უშუალო ხელმძღვანელობა. ეს ხალხი მათ მიერ არის შემოგდებული იმ  კონკრეტული მიზნით, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური სტაბილურობა არ გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარია. საქართველო არის პატარა, დელიკატურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა. ჩვენ გვყავს მეზობლად სომხეთი, აზერბაიჯანი. ვფიქრობ, ჩვენი ტერიტორია არ უნდა იქნას გამოყენებული რაიმე სახის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. ამ საკითხში ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ. ერთი მხრივ, ჩვენ პოლიტიკურად თავისუფალი ქვეყანა ვართ, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ იმ ქვეყნებმაც აქციონ თავიანთი ტერიტორია გარკვეული სახის პოლიტიკური აქტივობის არეალად ჩვენს წინააღმდეგ. ეს ხომ არც ერთ პოლიტიკურ წარმომადგენელს არ მოგვეწონება? აზერბაიჯანთან ურთიერთობა, ისევე, როგორც სომხეთთან ურთიერთობა, თურქეთთან ურთიერთობა არის უკიდურესად დელიკატური თემა საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და, ამ მხრივ, შექმნილ ვითრებას საგანგაშო უწოდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)