Google+

რელიზები

15.10.2011
საქართველოს პრეზიდენტი მოწამეთას მონასტერს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მოწამეთას მონასტერს ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა მრევლს წამებული მოწამეების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღე მიულოცა და სამონასტრო კომპლექსი მთლიანად დაათვალიერა. ქუთათელ-გენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ საქართველოს პრეზიდენტს წმინდა მიქაელის ხატი უსახსოვრა.

„ეს ბრწყინვალე ტაძარი ბაგრატ III-მ ორი გმირი ქართველის, დავითისა და კონსტანტინეს სახელზე ააგო, რომლებიც მურვან ყრუსთან, იმ დროის პუტინთან ბრძოლაში დაიღუპნენ. გასულ საუკუნეში ეს ტაძარი კომუნისტებმა მიწასთან გაასწორეს. წმინდა ნაწილებსა და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას დასცინეს, აბუჩად აიგდეს. ორი წლის წინ ჩვენ რესტავრაციისჩატარება და დიდი ტაძრის აგება გადავწყვიტეთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უკვე ასობით ეკლესია აღდგა, მაგრამ ეს ტაძარი განსაკუთრებული სილამაზისაა“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

            საქართველოს პრეზიდენტმა ამჟამად მიმდინარე პროექტებზე, ბაგრატის, გელათისა და სხვა ტაძრების აღდგენით სამუშაოებზეც ისაუბრა. „ბაგრატი ძლიერი და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

„აქ კახეთიდან ჩამოვედი, ნეკრესში ვიყავი. ნეკრესი აქაურობას ჰგავს, ისიც ბოლო ხანებში აღდგა. ჩვენ მართლაც ძალიან დიდი საგანძური გვაქვს, რომელიც არათუ მსოფლიოს, ქართველებსაც დავიწყებული ჰქონდათ. ახლა ეს ყველაფერი უკან ბრუნდება, რაც ძალიან მახარებს“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

სოფელ მოწამეთას მოსახლეობა სახალხო-საეკლესიო დღესასწაულს დღეს  განახლებულ და რესტავრირებულ  ტაძარში შეხვდა. მონასტერში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მოიხატა ტაძრის შიდა კედლები, მოხდა მისი გალესვა ტრადიციული, კირქვის მეთოდით. პირვანდელი სახე დაუბრუნდა ჭიშკრის თაღსა და კოშკს. მთავარი ტაძრის ეზოში აშენდა პატარა ეკლესია, ასევე კელიები და სატრაპეზოები. გარდა ამისა აღდგა და მოწესრიგდა მონასტერთან დამაკავშირებელი გზები.

მოწამეთას მონასტრის სტუმრობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და იმ პროექტის დეტალებს გაეცნო, რომლის მიხედვითაც ქალაქის ცენტრში ახალი შადრევანი გაიხსნება და ქუთაისის თეატრის გარე ფასადი მთლიანად განახლდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)