რელიზები
04.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფო ხონის რაიონში გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო ხონის რაიონში გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი რაიონული კლინიკა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს ჯანდაცვის საუკეთესო სისტემა იქნება. მისი თქმით, მსგავსი თანამედროვე საავადმყოფოებისა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის პირობებში, ხალხს სამკურნალოდ სხვა ქალაქებსა და დედაქალაქში ჩასვლა აღარ მოუწევთ. ეს კი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონებში ცხოვრება, თანდათან ბევრად კომფორტული ხდება.
„ხონიდან ხალხი სამკურნალოდ ქუთაისში და უფრო შორს, თბილისში დადიოდა. მოსახლეობა ბოლო თეთრებს აგროვებდა, რომ ავადმყოფისთვის მოევლო და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ჯანდაცვის ახალ სისტემას რეგიონებს შორის თანასწორობა შემოაქვს. დღეს რეგიონში ცხოვრება აღარ არის დაკავშირებული მეორეხარისხოვან მოქალაქეობასთან, რადგან განათლების უმაღლესი კლასის სისტემა გვაქვს. ვითარების გაუმჯობესება, უპირველესად, რეგიონებიდან დაიწყო და შემდეგ გადავედით ქალაქებზე. ხალხისთვის უკვე მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვაც ხელმისაწვდომია. უცნაური ფენომენია - როგორც კი ახალი საავადმყოფოები იხსნება, პაციენტებიც მაშინვე დიდი რაოდენობით შემოდიან. მათ ახალი სტანდარტი და, რა თქმა უნდა, დაზღვევის ახალი სისტემა იზიდავს. ახლა მთვარია, ექიმები გადავამზადოთ. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი დიდი პრობლემა - ექთნების, მედდების, ერთი სიტყვით, უმცროსი სამედიცინო პერსონალის უკმარისობაა. ეს პროფესია პრესტიჟული უნდა გავხადოთ და კვალიფიკაციის დონე უნდა ავწიოთ. საბოლოოდ, ყოველივე ეს ძლიერ, ერთიან სისტემას შექმნის. ახალი შენობები და თანამედროვე აპარატურა ძალიან კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია მეორე და უფრო ხანგრძლივი ეტაპი - ხალხის სათანადოდ გადამზადება. ეს სისტემა მოთხოვნებს უნდა მოვარგოთ და ამ მიზანს ყველანი ერთად მივაღწევთ. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ექიმი გვყავს. მათი ბრალი ნამდვილად არ იყო ის, რომ პრაქტიკა დაკარგეს. წლების განმავლობაში ჩვენ დამახიჯებული სისტემა გვქონდა და, რა თქმა უნდა, ამ სისტემიდან შორს ვერც ისინი იქნებოდნენ. ეს ხალხი ახალ სისტემასაც მშვენივრად მოერგება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ხონის ახალი საავადმყოფო 20-საწოლიანია, ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მასში შესაძლებელია როგორც ჰოსპიტალური, ისე ამბულატორიული და პრეჰოსპიტალური პროცედურების გავლა. აქ სამედიცინო პერსონალი ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული. ხონის ახალი საავადმყოფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში აშენდა.