საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში იმყოფება, სადაც ტრადიციული საშობაო ბაზრობა იმართება. ქალაქის მთავარ მოედანზე იგი სტრასბურგის ვიცე-მერთან ნაველ რაფიკთან ერთად მივიდა და ის ადგილი დაათვალიერა, სადაც მომავალ წელს ქართული სოფელი მოეწყობა. მიხეილ სააკაშვილმა და ნაველ რაფიკმა ამ ბაზრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ამ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა, მისი პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპის საპარლამენტო ქალაქი, სადაც შობის წინა პერიოდში სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ტურისტი ჩამოდის, საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ საქართველოს საუკეთესო მხარეები წარმოვაჩინოთ და ჩვენი ქვეყანა უკეთ გავაცნოთ მსოფლიოს.
საქართველოს მოწვევის საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვეულებისამებრ, სტრასბურგის მერიამ მიიღო, სადაც განაცხადი რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესული. 2012-2013 წლის საშობაო ბაზრობის სტუმართან დაკავშირებით, არჩევანი, საქართველოსა და იაპონიას (ტოკიოს განაცხადი) შორის, თბილისის სასარგებლოდ გაკეთდა. სტუმრის შერჩევის კრიტერიუმებიდან, უმთავრესია, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დონე ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია საერთო ევროპული ფასეულობების პატივისცემა.
ქართველები ამ ღონისძიებაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას. გუტენბერგის მოედანზე საქართველოს ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სტუმრებს ქართულ პროდუქტებსა და ტრადიციულ კერძებს შესთავაზებენ. ასევე, გამოფენილი იქნება ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი ეროვნული სამოსი.
ბაზრობას ქართული მხარე მომავალი წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გახსნის, რომელიც 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. გუტენბერგის მოედანზე შალეების მოწყობასა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს სტრასბურგის მერია უზრუნველყოფს.
ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით ყოველ წელს სხვადასხვა სახელმწიფოს იწვევენ. მოწვეული სტუმარი წელს შვეიცარია იყო და, შესაბამისად, ტურისტებს, ამჯერად, შვეიცარიული სოფელი მასპინძლობდა. ბოლო წლების განმავლობაში ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო პოლონეთი, რუმინეთი და ნორვეგია.
სტრასბურგის საშობაო ბაზრობა, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ერთ-ერთი უდიდესია მთელ ევროპაში. პირველი ასეთი ბაზრობა 1570 წელს მოეწყო და მას, დაახლოებით, 450-წლიანი ისტორია აქვს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ევროპის საპარლამენტო ქალაქში ტურისტთა რაოდენობამ წელს 3 მილიონს გადააჭარბა.