საგარეჯოში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი ახალი კლინიკა გასნა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფო დაათვალიერა და პირველი პაციენტებიც მოინახულა. საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში უკვე ექვსი ახალშობილია, რომლებსაც პრეზიდენტმა საჩუქრები პირადად გადასცა.
„ეს საავადმყოფოები არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა, არაოკუპირებულ ადგილზე მიმდინარეობს სერიოზული აღმშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო კრიზისია, მიუხედავად იმისა, რაც ჩვენს სამეზობლოში, რუსეთში, ევროპაში ხდება, ეკონომიკურად ჩვენ, შესაძლოა, იდეალურ ფორმაში არ ვიყოთ, მაგრამ საქართველოში მართლაც მიდის აღმშენებლობა - ყველგან რაღაც კეთდება. ზოგან ძველი ახლდება და უმჯობესდება, ზოგან კი სრულებით ახალი იქმნება, მაგრამ ეს ერთი - უწყვეტი კეთების პროცესია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს. რაც არ უნდა ხდებოდეს, საქართველომ საკუთარი კურსი უნდა გააგრძელოს. არ უნდა მივაქციოთ ყურადღება არც მუქარებს და არც შანტაჟს, რადგან საქართველოს მხოლოდ ერთი კურსი აქვს და ეს ახალი საავადმყოფოები ამ კურსის ნაწილია ისევე, როგორც ჩვენი ხალხის მდგომარეობის, საქართველოს უკლებლივ ყველა ადგილის გაუმჯობესება და შემდგომი ზრუნვა - მეტი განვითარება, მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია, მეტი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა, ყველაფერი ის, რასაც ჩვენი ხალხი ჩვენგან ითხოვს, რადგანაც ჩვენ მათ ეს დავპირდით და ამას ავლერნატივა არ გააჩნია. ეს ჩვენი გზავნილია. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ და ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს. ხშირად კითხულობენ რატომ ხსნის პრეზიდენტი საავადმყოფოსო... უპირველესად, ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა ყველგან შევხვდე ხალხს, ხოლო ამის მეორე მიზეზი ისაა, რომ ეს არის ჩვენი და პირადად ჩემი საპრეზიდენტო პროგრამა - 100 ახალი საავადმყოფოს გახსნა. მინდა ყველას შევახსენო: მე როგორც ამ პროგრამის ინიციატორი, პასუხს ვაგებ თითოეული მათგანის დროულად გახსნასა და უკვე შემდგომ, მათ ხელმისაწვდომობაზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე თუნდაც ლამაზი შენობების აშენება და საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი კლინიკების გახსნა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
საგარეჯოს ახალი საავადმყოფო ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ აშენდა, ის 25 საწოლიანია, ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მასში შესაძლებელია, ჰოსპიტალური და ამბულატორიული პროცედურების გავლა. საგარეჯოს თანამედროვე ჰოსპიტალში მთელ რაიონს მოემსახურება და იქ 100 ადამიანია დასაქმებული.