რელიზები
29.02.2012
საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ოფიციალურად გააუქმა
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, უკვე ძალაში შევიდა. „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს მოაწერა ხელი.
ახალი სამართლებრივი აქტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის, ვიზა არ ესაჭიროებათ.
ამ ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშის დროს გამოვიდა.
„მზად ვართ უფრო დიდი შანსი მივცეთ მშვიდობას და გამოვდივართ ინიციატივით, რომ ცალმხრივად გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთთან - დაე, ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ საქართველო ისეთივე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანაა მისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, კორუფციის, უკანონობისა და ბიუროკრატიული წნეხისაგან თავისუფალი; დაე, იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა საქართველოში და აქ მათ ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით დახვდება ყველა; იცოდნენ, რომ მათ აქ არავინ დაუშლის მონატრებული ქართული ღვინისა და ბორჯომის დალევას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას.