Google+

რელიზები

27.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი ლაზიკის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ლაზიკის პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი მედიის წარმომადგენელებს გაესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

„ახლა შევხვდი ქართველთა ჯგუფს და უცხოელ ინვესტორებს. ეს არის ხალხი, რომელიც  სერიოზულად არის დაინტერესებული ლაზიკის პროექტის გაცოცხლებით, მასში ინვესტიციების მოზიდვითა და ამ პროექტის ჭეშმარიტ, სახალხო პროექტად გადაქცევით. მთავრობა სიტყვიერად აღიარებს, რომ ეს პორტი უნდა აშენდეს. რეალურად კი, სამწუხაროდ, პორტის პროექტი დაკონსერვდა და ის ფული, რომელიც პორტის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი, სხვაგან გადავიდა. სწორედ იმის გამო, რომ ეს პორტი არის ერთადერთი მთავარი გამოსავალი ქართული ეკონომიკისთვის და ჩვენი სწრაფი განვითარების ყველაზე სწორი რეცეპტი, შევქმნით სააქციო საზოგადოებას, მოვიწვევთ ძალიან ბევრ ინვესტორს (რამდენიმე უკვე გამოჩნდა კიდეც), დავგეგმავთ პორტს და მის გარშემო ქალაქს და პროექტს ხალხი თავად აამუშავებს იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება მთავრობაში. ეს არის სწორი. ამ მიმართულებით,  კონრეტული ნაბიჯების გადადგმას ვიწყებ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე და ვაპირებ,  ჩემი პრეზიდენტობის შემდეგაც გავაგრძელო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა რუსეთის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს მისი ლიკვიდაცია ან დაპატიმრება სურს. ამის შესახებ მან „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა.  

„პუტინმა არა ერთხელ თქვა: სააკაშვილი მინდა მკვდარი. მედვედევმა და პუტინმა თქვეს, რომ ამის ალტერნატივა დააპტიმრება იქნებოდა, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. ეს იყო არჩევნების წინ. ეს არის ფაქტი. რატომ? იმიტომ, რომ ვიდრე ცოცხალი ვარ და გარეთ ვარ, პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ე.წ. „პალაჟენიას“ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეს გავლენა 2008 წლის შემდეგ ჩამოიშალა - დსთ-ს ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერმა გაბედა და მას არ დაუხარა თავი. ეს მისთვის არის სრული კატასტროფა. არადა, ვიდრე ცოცხალი ვარ, ვერც ერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი, ვეღარ დაუბრუნდება იმ  მდგომარეობას, როცა უსიტყვოდ ასრულებდა რუსეთის მიერ გაცემულ მითითებებს. ბოლო წლების განმავლობაში ვითარება შეიცვალა და ეს გავაკეთეთ ჩვენ - საქართველომ, ქართველმა ხალხმა, თავისუფლებისმოყვარე პოლიტიკამ. ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის მათი განზრახვა. საერთოდ არ იწვევს ეჭვს ის, რომ ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო არჩევნებისთვის - ამას არც თვითონ უარყოფს და რომც უარყოს აზრი არ აქვს, რადგან რუსები ამას ყოველ ნაბიჯზე ადასტურებენ. მათი სურვილები და შეთანხმება ერთია, ხოლო რეალობა - მეორე. რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილს შეკითხვა ადიგენის რაიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც დაუსვეს. მინარეთის დემონტაჟს ქვეყნის პირველი პირი საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის უფლებების შელახვად აფასებს და აცხადებს, რომ მათ ისეთივე წვლილი მიუძღვით ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობისთვის ბრძოლაში, როგორიც სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს.    

„დღეს ვნახე, რომ მინარეთის დანგრევასთან დაკავშირებით ზოგს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. ხომ ამბობდნენ, რომ წინა მთავრობა ეკლესიებს ანგრევდაო - წინა მთავრობის მმართველობის 8-9 წელიწადში საქართველოში აშენდა უფრო მეტი ეკლესია, ვიდრე მთელი ისტორიის განმავლობაში რომელიმე ცალკე აღებულ ამავე პერიოდში. ჩვენ აღვადგინეთ და პრაქტიკულად ხელახლა ავაშენეთ ბაგრატი, ფოთის ტაძარი, აღვადგინეთ მცხეთა და ნეკრესი, პრაქტიკულად მთლიანად აღდგა ალავერდი, ასობით სხვა ეკლესია საქართველოში, ბევრი რამ თავიდან აშენდა. სწორედ იმის გამო, რომ ბოლო 8-9 წელიწადში, ჩემი მთავრობის დროს ყველაზე მეტი ეკლესია  აშენდა, მაქვს უფლება, მათ ვუთხრა: არავის არ აქვს უფლება, შელახოს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის ჩვენი მუსლიმების საკონსტიტუციო უფლებები. მეჰმედ აბაშიძემ, ხიმშიაშვილმა, ბევრმა სხვა მუსლიმმა, მათ შორის, იმ მუსლიმებმა, რომლებიც 2004 წელს ჩამოვიდნენ ხულოდან, ქედადან და ხელვაჩაურის მუსულმანური სოფლებიდან, დაუბრუნეს აჭარა საქართველოს ჯერ მე-19 საუკუნეში, ხოლო შემდეგ 2004 წელს, როდესაც ასლან აბაშიძემ სცადა მისი გამოყოფა. ისინი არიან ქართველები, ძალიან მაგარი ქართველები. მუსლიმებმა დაღვარეს საქართველოსთვის სისხლი 2008 წლის ომში. ასე რომ, არავის არ უნდა შეეძლოს რაიმე ფორმით შელახოს მათი უფლება - ილოცონ იქ, სადაც სურთ. ეს არის აქსიომა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდნენ საქართველოს  თავდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებულია და ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის დროს გააკეთა.

„არ ვარ დაკავებული რომელიმე მინისტრის განცხადებების ანალიზით, მაგრამ ამ კაცსაც და ბევრ სხვასაც უახლოეს პერიოდში მოუწევთ არჩევნის გაკეთება. ეს მოხდება ან საპრეზიდენტო არჩევნების წინ და თქვენ ამას ნახავთ, ან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უმოკლეს დროში. ეს არის სრულიად გარდაუვალი პროცესი. მათ მოუწევთ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება ყველა მიმდინარე პროცესთან მიმართებაში. იმას, რომ ბევრი რამ არასწორი მიმართულებით მიდის, ყველა მშვენივრად ამჩნევს პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად. ყველამ უნდა მოძებნოს გამოსავალი, მათ შორის, გამოსავალი თავისთვის. ეს ჩემთვის ცალსახაა და აუცილებლად ასეც იქნება“, - აღნიშნა მან.

საუბარი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც შეეხო. ჟურნალისტებმა ყურადღება საქართველოში რუსული ინვესტიციების სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილეს. როგორც მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2013 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული ინვესტიცია  ნახევარ მილიონს შეადგენს.

„რუსებმა ორი მილიარდი ჩადეს ერთი ქართველი პოლიტიკოსის ჯიბეში. ამ კაცმა ის ორი  მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში თუ არ გადადო, ეს მისი პრობლემაა. მოვუწოდებ მას,  რომ ეს ფული ქვეყნის ეკონომიკას მოახმაროს, რადგან ერთადერთი, რაც დღეს ჩვენს  ეკონომიკას აცოცხლებს, არის ჩვენ მიერ შექმნილი ტურიზმი. ამდენი ტურისტი არასდროს არ ჩამოსულა. ყველაფერი დანარჩენი გაჩერებულია. იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაჩერდეს, მათ შორის, მას, ვინც ხალხის წინაშე ვალდებულება და მასთან ერთად რუსული ფული, მილიარდები აიღო, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ეს ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს. მაშინ რუსული ინვესტიცია ნამდვილად გაიზრდება. ზოგადად, ინვესტიციები შემცირდა იმ გარემოების გამო, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ეს გარემოება მხოლოდ ღრმავდება. ინვესტიცია ყველა მხრიდან შემცირდა და, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველ პირს შეკითხვა ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზეც დაუსვეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს სრული „კარტ ბლანში“ მივეცი, რათა ნებისმიერი ცნობილი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაესახელებინათ ან დამსხდარიყვნენ ერთად და სხვა  კანდიდატურა შეერჩიათ. რამდენადაც ვიცი, კანდიდატი შეარჩიეს. ახლა, მთავარია, რომ იგი კრიტიკულად იყოს განწყობილი, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესზე არ იყოს მიბმული და საქართველოში ყველა შემდგომ არჩევნებზე გააგრძელოს ის ტენდეცია, რომელიც აქამდე იყო. ყველა შემდგომ არჩევნებზე ხალხის ნდობა სულ უფრო იზრდებოდა. ეს ტენდეცია ნამდვილად იყო საქართველოში. არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა შეკითხვა უნდა მოიხსნას“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება შეკითხვას სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენობის კანდიდატად დარეგისტრირების საკითხთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის პირობებში ხალხს არჩევანის სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

„შარშანდელი არჩევნების წინ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ლამის ძალით მივაღებინეთ ივანიშვილს მონაწილეობა, რადგან კანონი მას ამის საშუალებას არ აძლევდა. შევცვალეთ კანონიც და კონსტიტუცია, რათა ყველას ჰქონოდა მონაწილეობის მიღების საშუალება. ვინ სად მიიღოს მონაწილეობა, საბოლოო არჩევანი - სწორიც და, ზოგჯერ არასწორიც, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს და არა რომელიმე, ვთქვათ, ცალკე აღებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. ჩვენს ხალხს არჩევანის სრული თავისუფლება უნდა მივცეთ  და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავერიოთ ამ პროცესში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)