რელიზები
01.09.2012
საქართველოს პრეზიდნეტმა ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მოსახლეობას ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მიერ განხორციელებული პროექტების ეფეტიანობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩევლების ინტერესების საუკეთესო დამცველი იქნება.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ და ტურისტულ პროექტებზეც გაამახვილა, რომლებიც გურიაში უკვე ხორციელდება. იგი სამომავლო გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უქმად ჯდომის დრო არავის არ აქვს, რადგან სწორედ ახლა არის საქართველოში წინსვლისა და განვითარების პერიოდი.
„თუკი საქართველოში დღეს რაღაც კეთდება, გასაკეთებელი კი ასჯერ მეტია, პირველი, ვინც ამას გეტყვით, მე ვარ. თუკი საქართველოში ხალხის ნაწილი დასაქმდა, დასასაქმებელი კი ასჯერ მეტია, ყველაზე კარგად ეს მე ვიცი. მე უკეთ ვიცი, რომ ყველა ოჯახმა უნდა ნახოს სარგებელი. მაგრამ თუკი ამ ქვეყანაში ვინმეა აღმშენებლობის სიმბოლო, ეს არის არა პრეზიდენტი, არა პრემიერი - ჩვენ ყველა პატარა ფუნქციებს ვასრულებთ - არამედ ერთი გურული კაცი, რომლის სახელი და გვარია რამაზ ნიკოლაიშვილი. როგორც კი დაელაპარაკები, მაშინვე მიხვდები, რომ ამაზე დიდი გურული, მეორე არ დადის მთელ საქართველოში. მას აქვს გურული შემტევითობა, გურული გონებაგახსნილობა, გურული გულიანობა, ყოველთვის ბოლომდე მიყავს საქმე, არ ნებდება... ჩვენ ასეთი ხალხი გვჭირდება, დროის ფუჭად ხარჯვისა და უქმად ჯდომის ფუფუნება არ გვაქვს. საქართველოში ახლა წინსვლის პერიოდია და ყველა ოჯახმა უნდა ნახოს სარგებელი. ამიტომ მხოლოდ ერთი რამ გვსურს - მიეცით საშუალება მასაც და ჩვენ გუნდსაც გააგრძელონ ის, რაც დავიწყეთ, რათა სარგებელი ყველა ოჯახში შევიდეს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.