Google+

რელიზები

16.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურში ახალი საბაგირო გზა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად, დღეს გუდაურს ესტუმრა და მისი განვითარების პროექტს ადგილზე გაეცნო. “ახალ გუდაურში” კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი და სწრაფი გონდოლა გაიხსნა, რომლითაც დღეს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პირადად ისარგებლეს.

„თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუდაური დედაქალაქის შვილობილად, მისი ოჯახის წევრად აქცია და მიზნად დაისახა, რომ პირველი მსგავსი კლასისა და სიგრძის საბაგირო აქ, გუდაურში გაკეთებულიყო. მრავალი წლის შემდეგ, 3 წლის წინათ აქ რაღაც-რაღაცები გავაკეთეთ, მაგრამ მსგავსი გარღვევა გუდაურის დაფუძნების შემდეგ აქ არ მომხდარა. გიგიმ არა მხოლოდ საბაგირო გააკეთა, არამედ სრულიად ახალ გუდაურს ქმნის. ამ მხარის განვითარება კი იმას ნიშნავს,  რომ ადგილობრივებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის მართლაც კარგი პერსპექტივა იხსნება. რამდენიმე თანამშრომელი ამ საბაგიროს გასაკეთებლად ზამთრის ყველაზე ცივი ამინდების განმავლობაშიც დღე და ღამე მუშაობდა, მაგრამ ამ საკითხში მთავრობა დაუნდობელია - თუ ვიტყვით, რომ რაიმე უნდა იყოს მარტში, ის აუცილებლად იქნება მარტში. თანაც, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და გუდაურის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ფონდის ცხრა წარმომადგენელი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებისათვის აშენებული საინფორმაციო ცენტრი დაათვალიერა და მეუღლესთან ერთად გადიდებული სათხილამურო ტრასებიც გამოცადა.  

"მთავარი, რაც აქ დიდი სტრატეგიაა - დასრულდა ქაოტური მშენებლობები, ამ ადგილის განვითარებით, პრაქტიკულად, ახალი გუდაური წარმოიქმნა. ეს არის საქართველოს მშვენება, საქართველოს საგანძური, ამიტომ ამას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და აქაურობას ნამდვილად დაეტყო გიგის ხელი. ბაკურიანი უფრო საოჯახო ადგილია, ამიტომ იქ უფრო მეტად საბავშვო ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. რაც შეეხება სვანეთს, ქუთაისის და ფოთის აეროპორტების ამუშავების შემდეგ, იქ დიდი პერსპექტივა გაჩნდება. იქით უკვე გავაკეთეთ გზა, ახლა აეროპორტებს ვაკეთებთ. მესტიასთან ასევე გაკეთდა ჰაწვალი. ახლა შენდება თეთნულდის კურორტი - სამუშაოები წელსვე დაიწყება. აუცილებლად გავაკეთებთ უშგულს, ეცერს და ჭუბერს. შუაში იქნება მესტია, რომელსაც მთელი რიგი ადგილობრივი კურორტები იქნება გარშემორტყმული, ზუსტად ისევე, როგორც არის შვეიცარიისა და ავსტრიის ცნობილ კურორტებზე. ვფიქრობ, სვანეთი, ძირითადად, იმუშავებს ევროპელ ტურისტებზე. გუდაურის ხიბლი იმაშია, რომ თბილისთან და, შესაბამისად, მის აეროპორტთან არის ახლოს - ეს არის უნიკალური სიახლოვე  საერთაშორისო დონის კურორტთან. აჭარაში კეთდება ასევე საერთაშორისო დონის კურორტი და, ვფიქრობთ, რომ ისიც მიიზიდავს ტურისტებს მეზობელი ქვეყნებიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან. ეს უზარმაზარი სტრატეგიაა. ბახმაროში ვაშენებთ ადგილობრივი მასშტაბის კურორტს, ისევე, როგორც ერთ-ორი კურორტს აჭარასა და ახალქალაქში. საბოლოოდ, იქ, სადაც შენდება ზამთრის კურორტები, ხალხი დასაქმებული იქნება მთელი წლის განმავლობაში, რადგან აქ ზაფხულის კურორტებიცაა. სადაც სათხილამურო კურორტებია, იქ არ არის სიღარიბე, პირიქით, ხალხი ცხოვრობს ძალიან მდიდრულად. არადა, თუ დაუკვირდებით, დღეს ყველაზე მეტი სიღარიბე და გაჭირვება იქაა, სადაც ახალი კურორტები შენდება - ეს არის მესტია, მაღალმთიანი აჭარა, ახალქალაქის მიმდებარე ადგილები, ბახმარო, მცხეთა-მთიანეთი... ეს არის გაჭირვების გადალახვის მექანიზმი - გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც დამატებითი ინვესტიციაა ქართულ ეკონომიკაში. ამას გარდა, ამით, საქართველოს სახელიც გადის უცხოეთში. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს არის სოციალური პროგრამა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ძალიან კარგი საქმე კეთდება და ეს არის კარგი საქმის დასაწყისი. ყოველივე ეს რაიმე შოეული კი არა, 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმაა. 2015 წელი არის საბოლოო ვადა, რომ ყველაფერი შეუქცევადად იქცეს. ჩვენი კურორტების აღმშენებლობაში რამდენიმე ასეული მილიონი ჩაიდება და ათობით ათას ადამიანს გავუმართავთ ხელს, დავასაქმებთ,  ოჯახებს გავუჩენთ პერსპექტივას და დავუბრუნებთ იმედის და მომავლის განცდას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გუდაურის ახალი საბაგირო გზის სიგრძე 2 ათას 450 მეტრია, რომლითაც საათში 2 ათას 800 მგზავრის მომსახურებაა შესაძლებელი.  გუდაურის განვითარების პროექტი 2011 წლის გაზაფხულიდან ხორციელდება. აქ უკვე განვითარდა სპორტული ინფრასტუქტურა და სრული დატვირთვით მუშაობს სპორტული სკოლები, რაც საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას ხელს უწყობს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)