Google+

რელიზები

31.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტს იაცეკ სარიუშ ვოლსკის და ევრონესტში ევროპის  სახალხო  პარტიის  ჯგუფის  წევრებს   შეხვდა. მხარეებმა იმ საკითხების, რეკომენდაციებისა და ანგარიშის თაობაზე იმსჯელეს, რომლებიც  ევრონესტის პლენარულ სესიაზე უნდა განიხილონ. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ევროპული მისწაფებისა და იმ დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელთა განხორციელების შედეგად, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შეძლო. გაფართოებული შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს  მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული არჩევნების შესახებ და ამ პროცესში ევროპელ პარლამენტართა და დამკვირვებელთა მონაწილეობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

„უპირველესად, მინდა მივესალმო ევროკავშირის საპარტნიორო პროგრამის ევრონესტის პარლამენტების წევრებს. მიხარია, რომ ერთ ჭერქვეშ შეკრებილია რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი. აქვე არიან სომხეთისა და აზერბაიჯანის დეპუტატები. თბილისი ძალიან კარგი ადგილია მათ შესახვედრად და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. ჩვენი ღრმა ხედვა, საბოლოოდ, ეფუძნება ერთიანი, მშვიდობიანი კავკასიის ხედვას და ამ კურსიდან არასდროს გადავუხვევთ. ჩვენი ქვეყნებისთვის ამას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოსთვის საპარლამენტო თანამშრომლობა  ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, წელს, რადგან საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და ახალი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ. ჩვენი პარლამენტი იცვლის ადგილმდებარეობას და გადადის საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში. ასევე, მთლიანად იცვლება პოლიტიკური ფილოსოფია, რომელსაც ის ეფუძნება და მკვეთრად იზრდება მისი ძალაუფლება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებმა მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მაქსიმალურად სუფთად ჩაიაროს - ეს არის ჩვენი დემოკრატიის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. შემთხვევითი არ არის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენმა მეზობელმა დანიშნოს დიდი სამხედრო სწავლებები სექტემბრის მეორე ნახევარში და ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის. ამას გარდა, ყველა ღონეს იხმარს ამ არჩევნების დისკრედიტაციისთვის და, ერთი მხრივ, ძალის გამოყენებით ქართველების დააშინოს, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ქვეყნიდან შემოსული ფულის გამოყენებით, ქართველი ამომრჩეველი მოისყიდოს. თუმცა, ვფიქრობ, 2008 წელმა კარგად აჩვენა, რომ დაშინებითა და მოსყიდვით საქართველოს ურყევი ნების შეცვლა შეუძლებელია.  ქართველმა ხალხმა კარგად იცის საით მიდის, მრავალეთნიკურმა ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რა არის მისი ინტერესი. მას არ ეშინია, რადგან საკუთარი შვილებისა და საზოგადოებისთვის ის თავისუფალ მომავალს აშენებს.

ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ბევრი უცხოელი დამკვირვებელი და გვჭირდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ დღესაც, ხვალაც, ზეგაც. რაც უფრო სწრაფად ჩამოვლენ მეთვალყურეები ევროპარლამენტიდან, ევროკავშირიდან, ეუთოდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მით უკეთესი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სურვილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბევრი კვლევა ჩაატარონ და საფუძვლიანად გამოიკითხონ საზოგადოებრივი აზრი, რათა უცხო ქვეყნის ფულით დაქირავებულ სხვადასხვა ელემენტებს არჩევნების დღეს საზოგადოების აზრით მანიპულაციის საშუალება არ მიეცეს. ამიტომ, დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში, თუ შესაძლებელია, ყოველ კვირას ან ყოველ თვეს მაინც უნდა იკვლევდეს საზოგადოებრივ აზრს, რათა საქართველოში საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მსურველმა, ვერ მოახერხოს არჩევნების პერიოდში მისი დისკრედიტაცია და შემდეგ, ამაზე დაყრდნობით, გარკვეული,  არასასურველი პროცესების განვითარება და არეულობის გამოწვევა. სურვილის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მოახერხებენ, რადგან გვაქვს საქმე ბევრად უფრო განვითარებულ დემოკრატიასთან, ბევრად უფრო მყარ ინსტიტუტებთან და საკუთარ თავში ბევრად უფრო დარწმუნებულ საზოგადოებასთან. სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენგან უფრო მეტი აქტიურობა, დაკვირვება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა,  მასმედიისა და, ზოგადად, მთელი საარჩევნო პროცესის მონიტორინგი. მნიშვნელოვანია პარტიების დაფინანსების გაკონტროლება საერთაშორისო ინსტრუმენტების მეშვეობით, ანუ ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება და გამოყენება, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებებში არის  მიღებული.

კიდევ ერთხელ  მინდა გამოვხატო  მადლიერება იმ ევროპარლამენტართა მიმართ, რომელთა ძალისხმევითაც ევროპარლამენტმა ძალიან სწორი და მკვეთრი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა და საქართველოში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს სამართლიანი შეფასება მიეცა. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს დიდი საერთაშორისო თანამშრომლობა“, - განაცხადა შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა.

 გაფართოებულ შეხვედრას  ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 23 დეპუტატი და ქართველი კოლეგები ესწრებოდნენ. აღნიშნული ჯგუფი ქართველ  დეპუტატებთან  ერთად,  ხვალ  ბაქოში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევრონესტის პლენარულ სესიაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის  საპარლამენტო განზომილება".



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)