Google+

რელიზები

19.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საინფორმაციო მომსახურების ცენტრს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თბილისის საინფორმაციო ცენტრს ესტუმრა, სადაც დღეიდან ახალი პროფესიის დაუფლების მსურველთა რეგისტრაცია და 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემა მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა პროფესიული სასწავლებლის პირველი სტუდენტი თავად დაარეგისტრირა და სასწავლო ვაუჩერიც  პირადად გადასცა. მარი ბიბილაშვილს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, სწავლის შესაძლებლობა სწორედ პრეზიდენტის ახალი ინიციატივის ამოქმედების შემდეგ მიეცა. ქვეყნის პირველი პირი საინფორმაციო ცენტრში ვაუჩერების მიღების სხვა მსურველებსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოო პროფესიის არჩევამდე, ახალგაზრდებს შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში გამოსცადონ თავი.  

„არ არის აუცილებელი, რომ 20 წლის ასაკში პირდაპირ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარო. შეგიძლია, ჯერ ერთი პროფესია აითვისო, გარკვეული პერიოდის  განმავლობაში ამ მიმართულებით იმუშაო და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება,  გინდა  თუ არა ამ საქმის კეთება. შემდეგ, სურვილისამებრ, სხვა პროფესია აირჩიო. საზღვარგარეთ, ყველა ქვეყანაში ასე ხდება - პროფესიას გამოცდილების მიხედვით ირჩევენ და უმაღლეს სასწავლებელშიც აუცილებლობის მიხედვით აბარებენ. მთავარია, რომ ადამიანს პროფესია ჰქონდეს და ასე აღწევდეს შედეგს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1000 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ ის ადამიანები, რომლებსაც ახალი პროფესიის დაუფლების სურვილი აქვთ. თბილისის საინფორმაციო ცენტრში რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. ამ ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტეს.

საგაზაფხულო რეგისტრაცია თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც დაიწყო, სადაც რეგისტრაციის გავლამდე დაინტერესებული პირები სრულ  ინფორმაციას იღებენ. პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო, რაც 7 ათას ადამიანს მისცემს სწავლისა და დასაქმების საშუალებას.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი მისი ინიცირებული მეორე პროექტის დაწყების ღონისძიებასაც დაესწრო. ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” მონაწილეთა რეგისტრაციის დაწყება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა მუსიკალურ შოუთი -  Flash Mob-ით აღნიშნეს. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებებში 25 ათასი სტუდენტი 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე დასაქმდება, რომელთა ხელფასი 500 ლარი იქნება. პროექტი ”Summer Job” სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლოს და გამოცდილება მიიღოს იმ დარგში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმება.      

საზაფხულო დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)