საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ესტუმრა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის GeoCapital ცენტრალური ფილიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელიც ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარეობს. მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობასა და ქუთაისისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების შესახებ ისაუბრა. GeoCapital-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რალფ ბურლესონმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ საქართველო, მათ შორის, ქუთაისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად როგორც ბიზნეს გარემოს თვალსაზრისითა და მდებარეობით, ისე კვალიფიციური კადრებით.
დღსვე ქვეყნის პირველმა პირმა ქუთაისში ის პროექტებიც დაათვალიერა, რომლებიც ამჟამად ხორციელდება. მიხეილ სააკაშვილი ახალი პარლამენტის მშენებლობის პროცესით დაინტერესდა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
„აქ იყო ავტოქარხნის დასახლება - ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული რაიონი არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში და გამოირჩეოდა უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონით და კატასტროფული სოციალური მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ერთბაშად არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ასეთი დასაწყისი წარმოუდგენელი სტიმულია არა მხოლოდ დასაქმების თვალსაზრისით, არამედ ინფრასტუქტურისა და ეკონომიკის გრძელვადიანი განვითრების მხრივაც“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა წყალტუბოში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ადგილი საქართველოს მთავარი კურორტი გახდება. პრეზიდენტმა ყურადღება აბასთუმნის, საირმის, ახალციხის განვითარებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, საქართველოში ისეთი საკურორტო ცენტრები აშენდება, რომლებიც მთელი მსოფლიოსათვის იქნება შესაშური.
„თვენახევარში სარეაბილიტაციო სამუშაოებს წყალტუბოში ვიწყებთ. ჩემი გეგმით წყალტუბო გახდება საქართველოს ყველაზე მთავარი კურორტი. ამ მხარეში ისეთი კურორტებია როგორიც წყალტუბო, საირმე, აბასთუმანია. საირმიდან ახალი გზის მეშვეობით აბასთუმანს დავუკავშირდებით და იქაც საუცხოო პროექტები განხორციელდება. აბასთუმნიდან ახალციხეში გადავალთ, რომელიც პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაა. ასევე, ბორჯომში კეთდება ძალიან ბევრი რამ. ამ პარლამენტთან და აეროპორტთან ერთად, ქუთაისის გარშემო კეთდება არა მარტო ადმინისტრაციული ცენტრი, არამედ საუკეთესო საკურორტო ცენტრიც. ამ პარლამენტითა და ქუთაისით რომ არ დაგვეწყო, გარშემო ვერაფერს შევამჩნევდით. სწორედ ამას მოყვა ყველაფერი დანარჩენი. ეს, მართლაც, ისტორიული რამ არის და ამით მომავალი თაობები აუცილებლად იამაყებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლადო მესხიშვილის სახელობის ახლადგარემონტებული თეატრი, ქარვასლა და ახალი შადრევანიც მოინახულა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქუთაისი საქართველოს ცენტრია, რომელიც ყველა მიმართულებით იძენს ამ ფუნქციას.