Google+

რელიზები

29.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში ახალი ავტოდრომი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს რუსთავის ახალი ავტოდრომი გახსნილად გამოაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იმართება წრიულ რბოლაში. რუსთავის ავტოდრომი მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოცადა და საპატიო წრეზე ფორმულა 3-ის მანქანით პირველმა გაიარა.

მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში პირველი საერთაშორისო სტრანდარტების შესაბამისი ავტოდრომის გახსნა მიულოცა.  განსაკუთრებით შოთა აფხაზავას დამსახურება და ძალისხმევა აღნიშნა ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში და განაცხადა, რომ მსგავსი ავტოდრომის მშენებლობას ინვესტორი ბათუმშიც გეგმავს.

„ახალი აეროპორტის  შემდეგ  ჩვენ, ფაქტობრივად, ახალ ბათუმს ვაშენებთ. გონიოს მიმართულებით სანაპირო ზოლს 7 კილომეტრი ემატება. ასევე ქართველი არქიტექტორის - დათო გოგიჩაიშვილის პროექტით, ახალი სტადიონი შენდება, რომელიც დინამოს შემდეგ ყველაზე დიდი იქნება. მშენებლობა 2 თვეში დაიწყება. იქვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაო დიდი ავტოტრეკისთვის, სადაც მხოლოდ კარტინგები იქნება მოყვარულებისთვის. მომავალში კი  ასეთივე პროფესიონალურ ტრასის დაგებას ვვარაუდობთ“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა როგორც შეჯიბრის მონაწილეებს, ისე სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს სპორტის ამ სახეობის განვითარების საქმეში. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ახალი ავტოდრომი რუსთავის აღორძინების ერთ-ერთი ნაწილია და ქალაქისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტი იქნება.

„საქართველოში ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, რაც პირადად ჩემი და ჩვენი მთავრობის ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია. სიკვდილიანობა გზებზე შარშან, თითქმის, 25 პროცენტით შემცირდა. ეს უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვეობას ავუწყოთ ფეხი. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ ბევრი თავზეხელაღებული მძღოლია. საავტომობილო შემთხვევების შემცირება იმანაც გამოიწვია, რომ ღვედების მოხმარების სისტემა ავაწყეთ და ამაში ხალხმაც აგვიბა მხარი. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ უკვე ხარისხიანი გზები გვაქვს. ამასთან, პატრული ცოტა უფრო მომთხოვნი გახდა, რაც აუცილებელია და არავის არ უნდა ეწყინოს, რადგან ყველაფერი ისევ ადამიანების უსაფრთხოებისთვის კეთდება“ - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა და დასძინა, რომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

მიხეილ სააკაშვილმა წრიულ რბოლაში გამარჯვებულებს ჯილდოები პირადად გადასცა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა გამარჯვებულებთან ერთად სიმბოლურად „მეგობრულ რბოლაში“ მიიღო მონაწილეობა.

წრიული რბოლაში პირველი ადგილი შოთა აფხაზავამ დაიკავა, მეორე ადგილოსანი რუსეთის მოქალაქე ვიქტორ შატაირი გახდა, ხოლო მესამე პოზიციის მფლობელი დათა ქაჯაიაა.

ახალი ავტოდრომის გახსნას პრეზიდენტის მეუღლე სანდრა ელისაბეტ რულოვსი და უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი ესწრებოდნენ.

ახალი ავტოდრომი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ტრასის სიგრძე 4 ათას 122 მეტრსშეადგენს და მთლიანად კერძო ინვესტიციით აშენდა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში პირველად იმართება. შეჯიბრში Legends, Formula alfa, Touring - 1500 და GT  კლასის სპორტული ავტომობილები იღებს მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონატი რვა ეტაპისგან შედგება, ფინალი კი ნოემბერში გაიმართება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)