Google+

რელიზები

26.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტს ესტუმრა. ქვეყნის პირველმა პირმა თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერა და სასწავლო  პროცესით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პირდაპირპროპორციულია.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს ორი ახალი ინიციატივაც გააცნო. ერთი ქართული სტუდენტური ბარათების შემოღებას უკავშირდება, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდებს მუნიციპალურ თუ სარკინიგზო  ტრანსპორტსა და კვებისა თუ სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებით მოემსახურებიან, ხოლო მეორე სტუდენტთა დასაქმების პროგრამას შეეხება, რომელიც, სავარაუდოდ, ზამთარშიც გაგრძელდება. სტუდენტური ბარათების აღებას ახალგაზრდები 20 მაისიდან შეძლებენ.

„ახალგაზრდები მალე ქართული სტუდენტური ბარათებით ისარგებლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის საქართველოს რკინიგზაზე შესაძლებელია 15-20 პროცენტიანი ფასდაკლება იყოს; მუნიციპალურ ტრანსპორტით მათ, შესაძლოა, 40 პროცენტიანი შეღავათით იმგზავრონ. დიდ სუპერმარკეტებთან შეიძლება მოლაპარაკება, რათა სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს. ამ ბარათით სტუდენტებს პრივილეგია უნდა მივანიჭოთ და ცხოვრება გავუიაფოთ. ვიზრუნოთ იმაზეც, რომ ეს ბარათები საერთაშორისო სისტემაში ჩავრთოთ, რათა საერთაშორისო საავიაციო გადაზიდვებზეც ისარგებლონ გარკვეული შეღავათით. დღესდღეობით, მატერიალური პრობლემები სტუდენტებს უფრო აქვთ და ყველაზე მეტად მათ სჭირდება დახმარება. ახლაგაზრდების საფიქრალი ახლა სწავლა უნდა იყოს და არა ის, თუ სად იშოვონ ბილეთის ან კვების ფული. თუკი ამ სტუდენტური ბარათით, მათ სახელმწიფო მხარში ამოუდგება და ბევრ რამეს გავუიაფებთ, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ ინიციატივის თანახმად, ბარათები უახლოეს ერთ თვეში უნდა დავამუშაოთ, დავამზადოთ და დავარიგოთ კიდეც, რათა მათი გამოყენება ახალგაზრდებმა ზაფხულშივე შეძლონ. რაც შეეხება სტუდენტთა დასაქმების პროგრამას, მომავალ წელს მას კიდევ უფრო გავაფართოებთ და, ვნახოთ, შეიძლება, მსგავსი რამ ზამთრის სეზონისთვისაც დავგეგმოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის აგრარულ შესაძლებლობებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ნოყიერი მიწებით გამოირჩევა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და  დამუშავება სჭირდება. ყოველივე ეს კი, მისი თქმით, ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საქმეა. ამისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრს მეურნეობის ახალ, თანამედროვე პრინციპებზე მორგება დაავალა.

„წარმოიდგინეთ, მთელი კოლხეთის დაბლობი გვაქვს ასათვისებელი, დიდი ნაწილია ამოსაშრობი და მთლიანად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ. სამეგრელოსკენ მთელი მიწები ისეა დამუშავებული, გული გაგინათდება. თავდაპირველად, სამეგრელოდან დავიწყეთ, მაგრამ ახლა ზუსტად იგივე ხდება  ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში დაიწყეს მიწის დამუშავება. ჯერ კიდევ წინ გვაქვს ფოთი და   ლაზიკა. საქართველოში ჩნდება ოთხი მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ქალაქი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. თბილისის გარდა, ეს არის ქუთაისი, რომელიც ერთ დროს, ინფრასტრუქტურული კრიზისის გამო, ფაქტობრივად, სოფლად  გადააქციეს, არადა იქ არარჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს; ბათუმი, რომელიც საუკეთესო ქალაქი ხდება; რა თქმა უნდა, ფოთი, რომელიც იქნება ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი, მაგრამ თუ მას სოფლის მეურნეობამ არ გაუმაგრა ზურგი, ყველაფერი აზრს დაკარგავს. ასევე, ლაზიკას მშენებლობას  ვიწყებთ და ისიც შესაბამისად უნდა განვავითაროთ. საქართველოს მასშტაბით წარმოუდგენლად ბევრი მიწაა, რომელიც შეიძლება ვაქციოთ, არა მხოლოდ შიდა მოხმარების, არამედ ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა: „70-იან წლებში ისრაელმა ნულიდან დაიწყო და თავს ფორთოხლის წვენის გაყიდვით ირჩენდა, ახლა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების ექსპორტს აწარმოებს. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს, ჩვენი ქვეყანა კლიმატითაც გამოირჩევა, ბევრად უკეთესი მდებარეობა და ბევრად უკეთესი ნიადაგები აქვს, ამიტომ, ამ სფეროში აუცილებლად შევძლებთ ინოვაციის შექმნას“.

პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამები და განხორციელდა სასწავლო კორპუსისა და ლაბორატორიების სრული რეაბილიტაცია. განახლდა სასწავლო ინვენტარი, ყველა აუდიტორიასა და ლაბორატორიაში  დამონტაჟდა პროექტორები, ულტრათანამედროვე განათების სისტემები, გაკეთდა თანამედროვე საგამოცდო ცენტრი, მოეწყო ელექტრონული ბიბლიოთეკა. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია Wi-Fi სისტემაც. ასევე იქმნება ვეტერინარული კლინიკა, რომელიც საუკეთესო იქნება კავკასიის მასშტაბით და  ცხოველთა დიაგნოსტიკის ისეთი აპარატურით აღიჭურვება, როგორიცაა ციფრული რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფი და სხვა. მსგავსი ტექნოლოგია საქართველოს არც ერთ კლინიკას არ გააჩნია. ამას გარდა, შენდება სასმელების ქარხანა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თვითონ დააყენონ ღვინო, შამპანური, კონიაკი, არაყი; მოხარშონ  ლუდი და დაამზადონ ლიმონათი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნივერსიტეტი ავითარებს სპეციალურ სასწავლო-სამეცნიერო ბაზებს, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან, ხოლო მეცნიერებს ცდების ჩატარების საშუალება მიეცემა.

„ძალიან მაგარი უნივერსიტეტი გამოდის და, რაც მთავარია, ეს სფერო საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ტექნოლოგიების განვითარებისა და პროდუქციის ექსპორტზე გატანის დიდი პოტენციალი გვაქვს. ასეთი იდეალური განლაგება და  მიწათმოქმედების ქვეყანა ჩვენს რეგიონში კი არა, მსოფლიოს მასშტაბითაც იშვიათია. ჩვენ ჩამორჩენილი ვიყავით იმის გამო, რომ საბჭოთა სისტემამ ყველაფერი უკუღმა დაატრიალა და ბევრი რამ მოგვახვია თავს. დამოუკიდებლობა ნიშნავს იმასაც, რომ ყველაფერთან ერთად, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო დარგებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით, წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ ვავითარებთ სამხედრო წარმოებას, სხვადსხვა ტექნოლოგიებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში, რადგან, საბოლოოდ, საქართველოს ექსპორტი ტექნოლოგიები იყოს. სხვებს არაფრით არ ჩამოუვარდებით და ჭანჭიკის გასაკეთებლად ვინმეს ჩამოყვანა არ უნდა გვჭირდებოდეს. ყოჩაღ! უნივერსიტეტში, მართლაც, შეიცვალა ვითარება. დასამალი არ არის, რომ ადრე აქ მხოლოდ დიპლომისთვის აბარებინებდნენ - რაღაც ხომ უნდა ჰქონოდათ დამთავრებული?  ამიტომ, აღარც მეურნეობა სჭირდებოდათ და არც სხვა რამ. სასწავლო პროგრამა გადახალისებულია ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამის მსგავსად. ამას გარდა, საქართველოში უნდა დავაბრუნოთ ის ქართველი პროფესორები, რომლებიც ამჟამად უცხოეთში ასწავლიან. უკვე 200-300 აგრონომი გავგზავნეთ უცხოეთში სასწავლებლად. დავინახე, რომ ყველა თქვენს სტუდენტს ეჭირა ინგლისური სახელმძღვანელოები. ე.ი. ორ წელიწადში ასობით ადამიანი გვეყოლება, რომელსაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავგზავნით - ყველგან ყველაფერი ვნახოთ, ვისწავლოთ და ჩვენთან დავნერგოთ. ამისათვის კი, ჯერ ინგლისური ენა უნდა ვიცოდეთ, რათა შემდეგ ტექნოლოგიები ავითვისოთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამჟამად, აგრარულ უნივერსიტეტში 2500 სტუდენტი სწავლობს. 2012 წელს აგრარულ და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე სტუდენტთა ინტერესი 7-ჯერ გაიზარდა. უნივერსიტეტს სამი ძირითადი მიმართულება აქვს - აგროტექნოლოგიური,  საინჟინრო-ტექნოლოგიური და  ბიზნესის ადმინისტრირება.  

აგრარული უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის ოთხი მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა, თუმცა ინვესტირება კვლავაც გრძელდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)