Google+

რელიზები

10.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მარნეულს ესტუმრა და ახალი ობიექტები გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში დღეს იუსტიციის სახლი გახსნა. მარნეულელებს, ისევე როგორც საქართველოს სხვა 8 რაიონის მცხოვრებლებს, სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ. მიხეილ სააკაშვილმა ახლადგახნილი უწყება დაათვალიერა,  მომსახურე პერსონალს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ამჟამად მარნეულის იუსტიციის სახლში 67 ადამიანია დასაქმებული, სამშენებლო სამუშაოებს კი 260 ადამიანი ასრულებდა.

ქვეყნის პირველმა პირმა აქვე გახსნილი „თი ბი სი“ ბანკის ულტრათანამედროვე ფილიალიც მოინახულა, რომელიც კლიენტებს სრულ  მომსახურებას დღეიდან შესთავაზებს. ახალ ფილიალში 25 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ბანკის ფილიალების სიმრავლე აქ მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონი, ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად გამოირჩევა .

„აქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაც და ვაჭრობაც ყველაზე მეტად არის განვითარებული. ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი რეგიონი. მსგავსი შენობებისა და უწყებების გახსნა ამ რეგიონში სახელმწიფოებრიობის, მისი გაძლიერებისა და ამ მოსახლეობის სრულად ინტეგრაციის დაჩქარების სიმბოლოა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა დღესვე მარნეულის ცენტრალურ მოედანზე კულტურულ-გასართობი ცენტრი "ჩაის სახლი" გახსნა, სადაც  ქართული ენის, კომპიუტერის,  ტრადიციული ქსოვისა და დახელოვნების, ასევე  ხატვისა და ცეკვის შემსწავლელი წრეები ფუნქციონირებს. პრეზიდენტი ამ წრეებში გაერთიანებულ მოზარდებსაც გაესაუბრა.  

„8 წლის წინათ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში წინასაარჩევნოდ ჩამოვდიოდი და მოსახლეობას მივმართავდი, რუსულად მიწევდა ლაპარაკი. მეორე საარჩევნო კამპანიის დროს, ძალიან ბევრს რუსულიც აღარ ესმოდა - ეს იყო 2008 წელს და ხშირად, თარჯიმანი გვეხმარებოდა. ახლა უკვე, თითოეულ ამ რაიონში, პრაქტიკულად, სულ ქართულად მივმართავ ხალხს და თითქმის ყველას ესმის. ეს ხალხი არის ჩვენი სიძლიერე - რაც უფრო მეტი ვართ, რაც უფრო ინტეგრირებული ვართ, რაც უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ საქართველო თითოეული ჩვენგანის სახლია, მით უფრო მეტად ვიბრძოლებთ საქართველოსთვის ყველა, მათ შორის, ეს ხალხი. ვამაყობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამას ჩვენ უკვე მივაღწიეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კულტურულ-გასართობი ცენტრის მშენებლობაზე 70 ადგილობრივი იყო დასაქმებული და ამდენივე დასაქმდება მისი სრულად დატვირთვის შემდეგაც.

ქვეყნის პირველმა პირმა „ჩაის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შოთა რუსთაველისა და ნიზამ განჯევის ძეგლიც გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით“ დააჯილდოვა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)