Google+

რელიზები

01.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებს სამხედრო ლიცეუმის დამთავრება მიულოცა

მიხეილ სააკაშვილი დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიალს დაესწრო. რამდენიმე მათგანს პრეზიდენტმა პირადად გადასცა საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი, შესაბამისი სამხედრო სერტიფიკატი და სამკერდე ნიშანი. ქვეყნის პირველმა პირმა კადეტებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნაა. მიხეილ სააკაშვილმა თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა სასწავლებლის ლექტორებს, ოფიცრებსა და პედაგოგებს. პრეზიდენტმა თავდაცვის სფეროში ბოლო წლებში განორციელებულ რეფორმებსა და წარმატებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში საუკეთესო კადრები არიან დასაქმებული. 

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენი სასწავლებლითა და ლიცეუმის 2012 წლის გამოშვებით. იმედია თქვენც ამაყობთ იმით, რომ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები ხართ. თქვენ საუკეთესო განათლება მიიღეთ და მიხარია, რომ 78-დან 75 კურსდამთავრებულმა სწავლის გაგრძელება სამხედრო აკადემიაში გადაწყვიტა.  არ არსებობს უფრო დიდი პატივი, ვიდრე ემსახურო საკუთარ ქვეყანას სამხედრო ფორმით. არ არსებობს უფრო მეტი დამსახურება, ვიდრე იბრძოლო შენი ქვეყნისთვის და მზად იყო თავიც გაწირო მისთვის. თავგანწირული გმირების გარეშე საქართველო დღეს არ იქნებოდა შემდგარი ქვეყანა და საერთოდ არ იარსებებდა. ძალიან ძველი ერები გადაშენებულა, მათ შორის, ისეთი ერები, რომლებსაც ქართველთა მსგავსად დიდი ისტორია ჰქონდათ - მათ ვერ შეძლეს საკუთარი თავის დაცვა და ადგილის დამკვიდრება მსოფლიო რუკაზე. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი გამოცდილებით, ყველა დამპყრობელი დროებითია, საქართველო კი - მარადიულია. მარდიული საქართველოს იდეას სჭირდება დაცვა და ეს ყველა თაობის საქმეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს წელს 78 კურსდამთავრებული ჰყავს, აკადემიაში კი 300 სტუდენტი სწავლობს. კადეტებმა  დამატებითი პროგრამით  ფიზიკური მომზადება, ისტორია, სამხედრო საქმე, ტოპოგრაფია და ინფორმატიკა გაიარეს. მათ სამხედრო საველე მეცადინეობებიც ჰქონდათ ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადების მიმართულებით. 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2 წლის წინ განახლდა და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. სასწავლებელში სტუდენტების მიღება ყოველ წელს ხდება და 9კლასის დასრულების შემდეგ, აქ სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ზოგადი უნარების ტესტს. სწავლების პერიოდში კადეტები უზრუნევლყოფილი იყვნენ კვებით, საცხოვრებელი ადგილით (ყაზარმა), სამედიცინო მომსახურებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და აღჭურვილობით.
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)