რელიზები
05.06.2012
მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს ქედაში ღვინის სახლში უმასპინძლა
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და პირველმა ლედიმ ჰილარი კლინტონს ქედაში, ღვინის სახლში უმაპსინძლეს. ქვეყნის პირველმა პირმა მას უძველესი საწნახელი და ღვინის მარანი დაათვალიერებინა და ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგია გააცნო. საქართველოს პრეზიდენტი მას იმ პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ხორციელდება. ოფიციალურ სადილზე, რომელიც ამერიკელი სტუმრების პატივსაცემად გაიმართა, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათაშვილმა რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. სახელმწიფო მდივანმა მადლობა მას პირადად გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სადილის დროს სადღეგრძელოც წარმოთქვა და ყურადღება ორი ქვეყნის მეგობრობაზე გაამახვილა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენ ჩვენი სტუმარი ხართ. თქვენ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და დიდ პატივს გცემთ. თქვენ მე ნობელის პრემიაზე წარმადგინეთ და თქვენი გამოგზავნილი წერილი დღემდე ჩარჩოში მაქვს ჩასმული. ეს წერილი ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ოდესმე მიღებული პრიზი. სულ მინდა, თქვენი მოლოდინი გავამართლო, ისევე მინდა გავამართლო ქართველ ხალხის იმედები. როდესაც აქ მოვდიოდით, დაინახავდით, რომ გზად უამრავი ხალხი დაგხვდათ. მათ გულწრფელი ემოცია ქონდათ. ამ გრძნობებს ვერავინ გააყალბებს. მნიშვენლოვანია ხალხის დმაოკიდებულება ამერიკისადმი. ამერიკა მარტო სახელმწიფო არ არის. ეს არის თავისუფლებისა და შესაძლებლობის იდეა. საქართველო კი, თავის მხრივ, იდეალის ფუნქციას ასრულებს რეგიონში. ეს პატარა ქვეყანაა, განსაკუთრებით, მეზობლის მასშტაბის გათვალისწინებით. ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ პატარა ქვეყანა გასაჭირში არ მიატოვოს და მხარში ამოუდგეს. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით არის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქართული ღვინით სადღეგრძელო ჰილარი კლინტონმაც წარმოთქვა.
„ქართული სადღეგრძელო მთელ მსოფლიოშია განთქმული. სადღეგრძელოში ხვდებიან მეგობრები, ნათესავები, გმირები. ვამაყობ ჩვენი მეგობრობით. მინდა საგანგებო სიტყვა წარმოვთქვა - ამერიკა წარმატებული ქვეყანაა და მხარს უჭერს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და მისწრაფებებს. საქართველომ პროგრესული ნაბიჯი გადადგა და ვამაყობ, რომ ჩვენ ერთად გავიარეთ ეს გზა. ჩვენ არა მარტო 20 წელი, არამედ 100 და 200 წელი ვიქნებით ერთად, სადაც ყველას უფლება იქნება დაცული. მოდით, ქართველი ხალხის პატივსაცემად და ჩვენი მეგობრობის ნიშნად ავწიოთ სასმისი“, - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.