Google+

რელიზები

06.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალსოფელში ახალი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში, სოფელ ახალსოფლის საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი იმ უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნო, რომელთა მეშვეობითაც მეურნეობა იმართება. იგი აქ დამონტაჟებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურითაც დაინტერესდა, რომელიც ახალ საჩითილეში ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირებას ავტომატურად უზრუნველყოფს. ქვეყნის პირველმა პირმა სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და მეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება.

„აჭარაში რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტი ნებისმიერი რაოდენობით გაიყიდება, რადგან აქ მალე ყოველწლიურად 3, 4, 5 მილიონი ტურისტი ჩამოვა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან და პროდუქციის რეალიზება შესაძლებელია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ. ამას ხელს შეუწყობს ჩვენი პორტებიც. სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, მცირე მიწიანობის პირობებშიც კი შესაძლებელია სამუშაო ადგილების შექმნა და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება. დღეს, როდესაც აჭარაში სეპარატიზმის დამარცხების 8 წლისთავს ვზეიმობთ, ამ თარიღის აღნიშვნის საუკეთესო მეთოდი სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. საბოლოოდ, დასაქმებული და უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ოჯახები, იმის მთავარი საწინდარია, რომ ხალხმა თავისუფლების, ამ მხარის საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების ფასი რეალურად იგრძნოს. აი, ეს არის სიმბოლური. ამასთანავე, აქ დასაქმებულ ხალხს აქვს შემოსავალი და აღარც სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული და არც თავის პატარა ბოსტანსა და საკარმიდამო ნაკვეთზე. ამ ხალხს რეალურად გაუჩნდა დამატებით ხელფასი საკუთარი ოჯახების სარჩენად. ამას გარდა, იცით, რომ რამდენიმე სამკერვალო ფაბრიკა და პატარ -პატარა ქარხნები იხსნება, მათ შორის, გადამამუშავებელი საწარმოები. აქeდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ მალე აქ უმუშევეობის პრობლემა საერთოდ აღარ უნდა იყოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესდღეობით, ახლადგახსნილ მეურნეობაში, რომელიც 2 ჰექტარზეა გაშენებული, შესაძლებელია პომიდვრის, კიტრის, წიწაკისა და ბადრიჯნის 2 მილიონ 700 ათასი ჩითილის მოყვანა. მეურნეობის მესვეურები საჩითილეს წარმადობის გაზრდას, დაახლოებით, 4 მილიონამდე გეგმავენ.

მეურნეობაში დასაქმებულია 36 ადგილობრივი მოსახლე, რომლებიც კვალიფიკაციას თურქეთიდან მოწვეული აგრონომის დახმარებით იმაღლებენ.

მსგავსი ტიპის საჩითლე მეურნეობის აშენება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება. პრეზიდენტთან ერთად ახალ მეურნეობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე იმყოფებოდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)