რელიზები
06.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მართლმადიდებელ მრევლსა და ქართველ ხალხს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ დღეს აჭარისთვის განსაკუთრებული და ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს კუთხე სწორედ ამ დღეს დაუბრუნდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეს. იგი ბოლო 8 წლის განმავლობაში აჭარაში მიმდინარე აღმშენებლობასაც შეეხო. ყურადღება ახალი ტაძრების მშენებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-შენარჩუნება.
„დღეს გიორგობის დღესასწაულია. უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მივულოცო, მათ შორის, რა თქმა უნდა, აჭარის მოსახლეობას, რადგან სწორედ ამ დღეს დაამარცხა აჭარის საზოგადოებამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სეპარატისტი ასლან აბაშიძე და ამ მხარეში აღდგა საკონსტიტუციო წესრიგი. სწორედ ამ დღეს გავაძევეთ იგი საქართველოდან და აჭარა სრულად დაუბრუნდა საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკონომიკური განვითრების სივრცეს. ეს, მართლაც, ისტორიული თარიღია. მათ შორის ეს ეკლესიაც დიდი აღმშენებლობის სიმბოლოა. თავის დროს, ეს ძველი, ულამაზესი ეკლესიაც, რუსებმა ისევე გადაღებეს, როგორც აფხაზეთში ილორის ეკლესია. ჩვენ აღვადგინეთ ეს ტაძარი და სარფში ვაშენებთ ეკლესიას, ფერიის მთაზე შენდება ტაძარი. 2004 წლის შემდეგ ტაძრების აღდგენა დავიწყეთ და ახალი ეკლესიების მშენებლობაც. ნახეთ, როგორ შეიცვალა ბათუმის ეს უბანი. როდესაც ვამბობდი ახალ ორლეანს გავს-მეთქი, ზოგ-ზოგიერთები საქართველოში დამცინოდნენ და ამ ნათქვამს სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თუმცა როდესაც ახალი ორლეანის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ აქ, გაოგნებული დარჩნენ მსგავსებით. ახალი ორლეანი კი, მსოფლიოს საგანძურია. რამდენიმე დღის წინათ ბათუმის მერი ჩავიდა იქ და ახლა ბათუმი და ახალი ორლეანი დაძმობილებული ქალაქებია. ქართველებსაც ვერ წარმოედგინათ, რომ ბათუმი რამეს დაემსგავსებოდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ამ ხალხის. რა თქმა უნდა, აქ ჯერ კიდევ დიდი გაჭირვება და ბევრი პრობლემებია, მაგრამ იმით რაც უკვე გაკეთდა, ხალხის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუნდაც ამ უბანში. ამიტომ, აუცილებელია, რომ დაწყებული აღმშენებლობა ყველამ ერთად გავაგრძელოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.