Google+

რელიზები

03.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში ახლადგახსნილი საავადმყოფო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო მოინახულა, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიამ "ალდაგი ბისიაი" ააშენა. მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს გაესაუბრა და საავადმყოფოში არსებული პირობებით დაინტერესდა. მან ახალი კლინიკის პაციენტებიც მოინახულა და მათ საჩუქრებიც გადასცა.

პრეზიდენტმა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც მიმართა და მათ დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი თქმით, დიდი აღმშენებლობა აქ მომავალი წლიდან დაიწყება. ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივთა დასაქმების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში უმუშევარი არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რკინიგზები, პორტები, მთავრობის ინსტიტუტები და კერძო სექტორიც მთლიანად ხალხისა და მისი დასაქმებისთვის მუშაობდეს.  აქ, ახალ უბანში დევნილები ჩამოვასახლეთ, რომელთა ნაწილი ახლა აქ იმყოფება. ადრე თქვენ იყავით წყალტუბოში, გქონდათ გარკვეული შემოსავლის წყარო. იქიდან გადმოსვლის შემდეგ კი, ვიცი, რომ ძალიან მცირე ნაწილი დასაქმდა. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ყველა თქვენგანი დასაქმდეს. მარტო სახლი და კარი საკმარისი არ არის, მაგრამ წეროვანშიც ასე დავასახლეთ დევნილები და ყველა ადამიანს მივეცით სამსახური. ფოთშიც იგივეს გავაკეთებთ აუცილებლად. ჩემი ამოცანა მარტივია - ფოთი უნდა გადავაქციოთ 100 პროცენტიანი დასაქმების ქალაქად და ამისთვის აქ ყველა შესაძლებლობაა. წელს ფოთში ვიწყებთ ორი ძალიან დიდი ქარხნის მშენებლობას  და ვაპირებთ, რომ მიმდინარე წლიდან 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი გამოვყოთ. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ფოთი ჩამორჩება ბათუმსაც და ქუთაისსაც, თუმცა ეს ყველაზე პერსპექტიული ქალაქია მდებარეობის, შრომითი რესურსების, ინდუსტრიული პოტენციალის მხრივ. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქაურობა 100 პროცენტით ავითვისოთ. მინდა რომ ფოთი იყოს დიდი საწარმოების ქალაქი და  განვითარდეს სავაჭრო შესაძლებლობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ლაზიკის მშენებლობასა და განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ქალაქი ფოთის გაგრძელებაზე აშენდება და ისევ ფოთის განვითრებას და ადგილობრივი მცხოვრებლების დასაქმებას შეუწყობს ხელს.    

„როდესაც ლაზიკის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, რომელიც ფოთის გაგრძელება იქნება, უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტი ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურასა და ახალი საწარმოების შექმნისთვის, მით მეტ ადამიანს გაუჩნდება შემოსავალი. ეს კი, უპირველესად, ფოთელები იქნებიან, რადგანაც ყველაზე ახლოს ამ მშენებლობასთან სწორედ ფოთია და ეს ერთი კომპლექსი იქნება. საკუთარი ქვეყანა ჩვენი ხელით უნდა დავაყენოთ ფეხზე; ჩვენი ხელით უნდა შევქმნათ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა საუკეთესო სკოლებში ისწავლონ; საკუთრი ხელით უნდა ავაშენოთ საუკეთესო საავადმყოფოები და ვაშენებთ კიდეც. დღეს ყველა მოქალაქეს ისევ ქართული სახელმწიფო პატრონობს, რომელსაც ჯერ კიდევ უჭირს, მაგრამ საკმაოდ კარგად ანაწილებს თავის შესაძლებლობას და თითოეულ თქვენგანს აზღვევს. ეს არის განსხვავება ძველ დროსა და ახლანდელი დროს შორის. ფოთს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და ადგილობრივებს თანადგომისა და მხარდჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა დღეს იმ სოხუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრებისგანაც მიიღო, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 14 თვის განმავლობაში იყვნენ დატყვევებული და ხელისუფლების ძალისხმევით რამდენიმე თვის წინათ გაათავისუფლეს.  

ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე სადაზღვევო კომპანიამ „ალდაგი ბისიაი“ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საავადმყოფო 75-საწოლიანია, ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და 105 კვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. სამედიცინო ცენტრში პაციენტებს ყველა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ, მათ შორის, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, ონკოლოგიური, ოფთალმოლოგიური ამბულატორიული მკურნალობა და  კომპიუტერული ტომოგრაფით, რენტგენით, ულტრასონოგრაფის აპარატებითა და ლაბორატორიით სარგებლობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)