Google+

რელიზები

02.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა „ქუთაისობა 2012“ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ესტუმრა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები იმართება.  მიხეილ სააკაშვილმა ქალაქში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა და რამდენიმე ახალი ობიექტი გახსნა. უპირველესად, მან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი გახსნა, რომელიც ყველაზე დიდია ქვეყნის მასშტაბით და 800 მაყურებელს იტევს. ქვეყნის პირველმა პირმა თეატრის განახლებულ შენობაში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და მათ „ორმაისობა“ მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისსა და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი უნდა გახდეს. მისი საპარლამენტო ქალაქად ჩამოყალიბება კი, ქუთაისის  განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. თბილისის განტვირთვითა და დეცენტრალიზაციით, ეს ქალაქი დამატებით ფუნქციებს შეიძენს, რაც რეგიონში კიდევ უფრო გააადვილდებს უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქუთაისში ტურიზმის, ეკონომიკისა და ინდუსტრიის განვითარება ქალაქს არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ცენტრად აქცევს, რომელიც ყველაზე კომფორტული იქნება საცხოვრებლად, არამედ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს მიანიჭებს ევროპის მასშტაბითაც. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს გამთლიანებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროცესი სწორედ ამ ქალაქიდან უნდა დაიწყოს და იმედი გამოთქვა, რომ დაწყებული აღმშენებლობა მიზნის მიღწევას უფრო დააჩქარებს.

საქართველოს პრეზიდენტმა თეატრიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლა, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქანდაკებების მოოქროვილი ასლებით გაფორმებული ახალი შადრევანიც გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა არქიტექტორი დავით გოგიჩაიშვილი, რომელიც ქუთაისში კინოთეატრ "საქართველოს", ოპერის რეაბილიტირებული თეატრის, TBC ბანკის შენობის, მთავარი მოედნისა და ახალი შადრევნის პროექტების ავტორია. დამსახურებულ არქიტექტორს პრეზიდენტმა ჯილდო, სიმბოლურად, სწორედ ამ მოედანზე გადასცა.

"ჩვენ გვყავს ქართველი არქიტექტორები, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს ქმნიან. საქართველოში დაგეგმილი პროექტების 90 პროცენტი ქართველებმა უნდა განახორციელონ. ახალი შადრევნის, ისევე როგორც ბათუმის ახალი სტადიონის პროექტი ეკუთვნის დავით გოგიჩაიშვილს. იგი რამდენიმე წლის წინათ სასწავლებლად  უცხოეთში წავიდა და მიღებულ ცოდნას ახლა საკუთარ ქვეყანაში იყენებს. ამ მოედნისა და შადრევნის ავტორი ეს ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ეს, ალბათ, ყველაზე მცირედია, რაც მას აქამდე შეუქმნია“, -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა გიმნაზიელი გოგონას ქანდაკებაც გახსნა, რომელიც ქუთაისის ცენტრში მე-3 საჯარო სკოლის წინ დაიდგა. ახალი ქანდაკება გიმნაზიელი გოგონების იმ კეთილშობილური საქმის სიმბოლოა, რომელსაც ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისში ეწეოდნენ - ბულვარში გვირილებს ყიდდნენ და შემოსული თანხით ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

დღის დამლევს საქართველოს პრეზიდენტი დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაშიც მივიდა, სადაც დღეს დიდი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის გარდაცვალებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილმა ის ექსპონატები დაათვალიერა, რომლებიც მხატვრის ოჯახში იყო დაცული და  1928 წლის შემდეგ არ გამოფენილა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)