Google+

რელიზები

05.12.2011
ახალი რაიონული საავადმყოფოები მიხეილ სააკაშვილმა თერჯოლასა და ტყიბულში გახსნა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, ახალი სამედიცინო ცენტრები თერჯოლასა და ტყიბულში გახსნა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირებისამებრ, საავადმყოფოები მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდება. ქვეყნის პირველმა პირმა, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოში  ჯანდაცვის  ყველაზე განვითარებული სისტემა გვექნება და ეს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მისი თქმით, ჰოსპიტალური განვითარების პროგრამაში სახელმწიფომ მილიარდი ლარი ჩადო, რომლის ფარგლებში ქვეყანაში 150 ახალი საავადმყოფო აშენდება. მოსახლეობასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„ვისაც ჩვენს ნათქვამში ეჭვი შეაქვს, მინდა მათ გასაგონად ვთქვა, დანაპირებს ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ვერ ავაშენებდით 100 საავადმყოფოს, ახლა სხვა თემაზე გადაერთნენ და ამბობენ, რომ ვერ ავაშენებთ ჩვენ ახალ ქალაქს ლაზიკას. მინდა მათ ვუთხრა: ჰოსპიტალურ სექტორში მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. საქართველოში შენდება 150 ულტრათანამედროვე საავადმყოფო. აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩვენ ჯანდაცვის საუკეთესო სისტემას ვქმნით.

ვისაც ეეჭვება, რომ ახალ ქალაქს ავაშენებთ, მინდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ერთი ლაზიკა უკვე ავაშენეთ და ამ ქალაქის სახელია ბათუმი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბათუმი 6 წლის წინანდელი იგივე ქალაქია ბათუმი, დიდად შემცდარა. აღმშენებლობის ამ 10 წელიწადში ბათუმში 4-5 მილიარდი ლარი ჩაიდო, რამაც ხელი შეუწყო ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, რადგან ყველაფერს ქართველები აშენებენ. თანაც, ძველი ქალაქის შეცვლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ახალი ქალაქის აშენება. ასევე ვგეგმავთ მილიარდი ლარის ჩადებას ქუთაისში. გასაკეთებელი ბევრად მეტია, მაგრამ ქალაქს სერიოზულად დაეტყობა აღმშენებლობა. ვფიქრობ, ლაზიკას მშენებლობას გაზაფხულიდან დავიწყებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ლაზიკას მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვის პროცესი დაწყებულია.  

„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ გვჭირდება ახალი ქალაქების აშენება და არსებული ქალაქების განვითარება. რაც უფრო მეტს ვაშენებთ, მით უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება. ამის ნათელი დაადასტურება ეს სავადმყოფოებია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თერჯოლიდან პრეზიდენტი ტყიბულში გაემგზავრა და ამავე პროექტის ფარგლებში, ტყიბულის რაიონული საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი კლინიკა დაათვალიერა და მედიცინის მუშაკებს გაესაუბრა. იგი ახალ ცენტრში დამონტაჟებული თანამედროვე აპარატურითა და ექიმთა კვალიფიკაციის დონით დაინტერესდა.  

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია 70-მდე მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. ახალ კლინიკაში შესაძლებელია სტაციონარული, ამბულატორიულ და პრეჰოსპიტალური მომსახურების მიღება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)