რელიზები
04.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ტერი ჰაკალას შეხვდა
საქართველოში 2008 წლის 5 იანვარის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ და ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ტერი ჰაკალამ.
„საპრეზიდენტო არჩევნები თავისთავად დიდი გამოწვევაა თქვენი ქვეყნისთვის. თქვენ გაქვთ სათანადო გამოცდილება და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. ჩვენი ორგანიზაცია სრული პასუხისმგებლობით და აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში", - განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა. მისი განცხადებით, ხვალ საქართველოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიტერ ბოდენი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პროცესზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის მოწვევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართოს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური