რელიზები
06.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ დღეს თბილისი-სოხუმის ავტობანის ნატახტარი-აღაიანის მონაკვეთი ოფიციალურად გახსნა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გახსნას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, ვისი ინიციატივითაც აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო.
„ეს პროექტი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის, ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებით დასრულდება და ამავე დროს, გაგრძელდება ის კურსი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომლის მიზანი ქვეყნის ერთიანობა და გამთლიანებაა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ კურსს თქვენი მხარდაჭერით, ხალხის მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილებებით, რაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღის გარანტი და საფუძველი გახდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზით, ჩვენ, ყველანი ერთად, სოხუმში ჩავალთ და საქართველოს გავამთლიანებთ",- განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური