Google+

რელიზები

07.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრო

დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დაესწრო. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეა იეტისი, საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის შემუშავება მართლაც მნიშვნელოვანი გახლავთ და ვფიქრობ, რომ ამ კონცეფციის რეალიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ქვეყნის დემოკრატიულობასა და საზოგადოების განვითარებაზე მეტყველებს ის, თუ როგორ ეპყრობა და რამდენად აქცევს სახელმწიფო ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი ნორმები უნდა ამოქმედდეს, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და რომელიც ნებისმიერ ადამიანს, შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, საშუალებას მისცემს საკუთარი უნარები, ცოდნა და ინტელექტი მოახმაროს საზოგადოებას.

დღეს ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გახდეს სოციალურად ორიენტირებული. საჭიროა, რომ დღეისათვის არსებული პროგრამები გარკვეული კორექტივების შეტანის შემდეგ მაქსიმალურად ამოქმედდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი, იმიტომ, რომ მათ ამის გონებრივი შესაძლებლობა აქვთ, ხოლო ფიზიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული პრობლემების გადასალახად სახელმწიფომ მათ ყველა პირობა უნდა შეუქმნას. „ვიმედოვნებ, რომ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი განიხილავს, სწორედ ის კონცეფცია და შესაბამისი კანონმდებლობა იქნება, რომელიც დღეს აქ იქნა წარმოდგენილი", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პრეზენტაციაზე მადლობა გადაუხადა ამერიკელ მეგობრებს იმ დიდი ყურადღებისთვის, რომელსაც ისინი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და შესაბამისი პროგრამების მიმართ იჩენენ.

განხილული კონცეფცია აყალიბებს ერთიან მიდგომას შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური ინტეგრაციის მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტებს ინვალიდობის სფეროში. მოცემული კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტი აყალიბებს სახელმძღვანელო პრინციპებს და სამოქმედო ამოცანებს, რომლებსაც დაეფუძნება სახელმწიფო სტრატეგია და მის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)