Google+

რელიზები

09.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში იუსტიციის სახლი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში იუსტიციის სახლი გახსნა, რომელიც ქვეყნის პირველმა პირმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეთსან გიორგი ვაშაძესთან და ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან სოლვიტა აბოლტინასთან ერთად დაათვალიერა, რომელიც ახალციხეში ოჯახთან ერთად კერძო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა მას პირადად გააცნო ის მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სახლი მომხმარებელს სთავაზობს.

„იცით ეს შედარებით პატარა შენობაა, გაცილებით დიდი შენდება თბილისში. 35 ათას კვადრატულ მეტრზე აშენებულ იუსტიციის სახლს შეეძლება 25 ათასი ადამიანის მიღება. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინტეგრირებული იუსტიციის სახლი.  მომსახურების თვალსაზრისით, ჩვენ დავნერგეთ ერთი ფანჯრის პრინციპი. ჰილარი კლინტონმა კიდევ უფრო გააფართოვა ეს ხედვა და გადავწყვიტეთ, სხვაგვარად შეგვეხედა ამ საკითხისთვის. ახლა  ვცდილობთ, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება ასეთი იყოს“, -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, საკუთარი პოზიცია გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს ხალხისთვის აკეთებს. მისი თქმით, ეს მეტად დასაფასებელია.

„საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით თებერვალში ვიმყოფებოდი და ბოლო 6 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ლატვია ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველაფერს, რასაც საქართველო აკეთებს. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს. ის, რომ იხსნება ახალი სახლები და მიმდინარეობს ციხე-სიმაგრეების აღდგენა, გვიჩვენებს იმას, რომ საქართველოში ხალხზე ზრუნავენ“, - აღნიშნა სოლვიტა აბოლტინამ.

იუსტიციის სახლის გახსნას პოლონელი სტუმრებიც დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ახლადგახსნილ იუსტიციის სახლთან შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და, უპირველესად, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, აგრესია, რომლის განხორციელება საბოლოოდ აღიარა მისმა ავტორმა როგორც დიდი ხნით ადრე დაგეგმილი და კარგად მომზადებული აქტი, იყო პირდაპირი პასუხი იმ აღმშენებლობასა და რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, ყოველგვარ აგრესიას და ომს საქართველო ისევ აღმშენებლობითა და განვითარებით, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობით დაუპირისპირდება და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა ბოლომდე არ გაიმართება წელში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ აღმშენებლობის სიმბოლოა სწორედ ახალციხე. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ახალციხე იბრუნებს უმნიშვნელოვანესი ცენტრის ისტორიულ ფუნქციას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ საშუალებებსა და შესაძლებლობებს მისცემს ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შესაჩერებლად გამოხატა. მისი თქმით, ომის დროს რუსული ტელეარხებით ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა და ევროპამ სწორედ მათ მიერ გავრცელებული სიცრუისგან დაიცვა საქართველო. მან ყურადღება ლატვიელი და პოლონელი ხალხის თანადგომაზეც გაამახვილა, რომელთა წარმომადგენლებიც ახალციხეში იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრნენ.

ახლადგახსნილი იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით რიგით მეშვიდეა. აქვე ფუნქციონირებს საოლქო და რაიონული პროკურატურა, საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, აღსრულების ბიურო და ენერგეტიკის სამინისტროს ტყისა და ველური ბუნების მართვის სააგენტო. იუსტიციის სახლის პროექტის ღირებულება 3 მილიონ 500 ათასი ლარია. აქ 85-მდე ადამიანია დასაქმებული.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)