საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში დღეს ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა და მათ ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა, რადგან ეს არის უმაღლესი დონის სასწავლებელი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებისა და შესაძლებლობების რეალიზების რეალურ შესაძლებლობას მისცემს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამართული გამოფენა დაათვალიერა და საქართველოს ექვსი უმაღლესი სასწავლებელში დანერგილ იმ სიახლეებს გაეცნო, რომლებსაც ეს უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ. ამას გარდა, ქვეყნის პირველმა პირმა გამოფენაზე წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტექნოლოგიური სიახლეებიც დაათვალიერა, მათ შორის, ის მიღწევები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო-საინჟინრო სფეროში ჰქონდა.
„მაგალითად, სასტუმრო „კემპინსკი“ ზღვიდან შემოსული წყლით კონდიცირდება და ეს ტექნოლოგია 90-იან წლებში ქართველმა გამოიგონა, რომელიც შემდეგ გერმანელებმა დააპატენტეს. ახლა მას გერმანელებისგან ასმაგ ფასად ვყიდულობთ. პრობლემა გვქონდა იარაღთან დაკავშირებითაც - 2-3 წლის განმავლობაში იარაღს ჩვენ ვეღარ ვყიდულობდით. ამიტომ ძალიან მოკლედ პერიოდში თავადვე მოვახერხეთ ცეცხლის მართვის სისტემის აწყობა, მფრინავი აპარატების აწყობა, დავიწყეთ პატარა კომერციული თვითმფრინავების აწყობაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველებს აქვთ წარმოუდგენელი ნიჭი. მაგრამ ბაზა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო. ახლა, ამ მხრივ, თბილისის ტექნიკურთან უნდა ვიმუშავოთ, თავისუფალ უნივერსიტეტთანაც და ნებისმიერ სხვა სასწავლებელთან... გუშინ იუსტიციის სახლი გავხსენით თბილისში და ღონისძიებას ამერიკელებიც ესწრებოდნენ. ასეთი ადმინისტრაციული შენობა ევროპასა და ამერიკაში არ გვინახავსო, ამბობდნენ. არც ასეთი უნივერსიტეტის შენობა უნახავთ ამერიკაში, მაგრამ ჩვენ ჩვენ ყველა უნივერსიტეტს უნდა მივხედოთ, მათ შორის, ბათუმის უნივერსიტეტსაც. ძალიან კარგი ბავშვები სწავლობენ, უბრალოდ წახალისება და სტიპენდიები სჭირდება. ჯერ ერთი, ეს პროფესორები ბათუმის უნივერსიტეტშიც უნდა გადმოვიდნენ და მეორე, მკვეთრად ვზრდით ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიებს უცხოეთში გასაგზავნად. სადღაც 100 სტიპენდია არის გამოყოფილი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, წამყვან ამერიკულ, ევროპულ უნივერსიტეტებში. თქვენი უცხოეთში სწალა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ ისევ აქ ჩამოხვიდეთ და აქ ასწავლოთ. 5 – 10 წელიწადში ისეთი ინოვაცია წამოვა საქართველოში, ისეთ რაღაცებს მოიგონებენ, რომ ყველას გავაკვირვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 4 ათასამდე სტუდენტს და ათასამდე მეთორმეტეკლასელს ერთი კვირის განმავლობაში უცხოელი და ქართველი აკადემიური პერსონალი ლექციებს ჩაუტარებს პროფორიენტაციაში. სტუდენტები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დისციპლინების თანამედროვე მიღწევებს და საქართველოს უნივერსიტეტების სასწავლო და სამეცნიერო პროგრამებს, ასევე იმ სფეროებს, რომლებშიც მათ მომავალში შეეძლებათ დასაქმება.
საწყის ეტაპზე უნივერსიტეტი წლიურად 240 სტუდენტს მიიღებს, ხოლო მოგვიანებით - 500 სტუდენტს. ამ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და აქ მინიჭებული ხარისხი კი სრულ შესაბამისობაში იქნება ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების და კოლეჯების მოთხოვნებთან.