Google+

რელიზები

22.10.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენს ქვეყანას კვლავაც გავაცნობ მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო დანიშნულების ადგილად“

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დუბაიში მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს ესწრება, კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალზე  მნიშვნელოვანია საქართველოში გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა და განვითარდეს ეკონომიკა, გაჩნდეს ახალი საწარმოები და, შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილები.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში კვლავაც უნდა გაგრძელდეს ის აღმშენებლობა და პროგრესი, რომელიც ამ მთავრობის მმართველობის პერიოდში დაიწყო.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავარღვიოთ საქართველოში ტრადიციულად არსებული ოპოზიციური ტენდენცია. ოპოზიციის მთავარი ფუნქცია იყო საკუთარი ქვეყნის ლანძღვა და მთელი მსოფლიოსთვის იმის მოყოლა, თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და, ამავდროულად, ოპოზიციური ძალის ლიდერი, გავაგრძელებ საქართველოს პოპულარიზაციას და დანარჩენ მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას კვლავაც გავაცნობ, ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო დანიშნულების ადგილად. სამუშაო ადგილებს ქმნის არა რაიმე სხვა ფაქტორი, არამედ ერთადერთი რამ - ჩვენს ეკონომიკაში ჩადებული ფული, ახალი საწარმოები, ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი პორტები, რაც, შესაბამისად,  აისახება საქართველო მოქალაქეების დასაქმებასა და ოჯახების შემოსავლის ზრდაზე.  აქ იმართება ენერგეტიკული ფორუმი და მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჰიდროელექტროსადგურების, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობის შეჩერება, რადგან საქართველოში ეს ენერგეტიკულ პრობლემებს, დენის დეფიციტს წარმოქმნის და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. თუკი ამას მაინც გააკეთებენ - ასეთი იყო წინასაარჩევნო რიტორიკა - ეს დიდი შეცდომა იქნება. მიმაჩნია, რომ ასევე დიდი შეცდომაა გაჩერდეს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ახალი პორტების მშენებლობა, რადგან ეს შექმნიდა ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში გარდა იმისა, რომ ჩვენმა მთავრობამ ახალ ხელისუფლებას ბიუჯეტში  ძალიან ბევრი ფული დაუტოვა. ფაქტი ჯიუტია - საქართველოში პენსია გაიზარდა 10-ჯერ, დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა 100-ჯერ, აშენდა ახალი სავადმყოფოები... კარგი იქნება თუ ახალი მთავრობა იმუშავებს ყოველივე ამის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)