რელიზები
10.10.2013
პრეზიდენტი თელიანში მცხოვრები დევნილების პრობლემებით დაინტერესდა
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ თელიანში დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა დევნილთა კომპაქტური დასახლება მოინახულა, სადაც ამჟამად 58 ოჯახი ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილი ადგილზე გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებიც დევნილებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეექმნათ. როგორც ადგილობრივებმა ქვეყნის პირველ პირს განუცხადეს, მათ ნაწილს მოეხსნა სოციალური დახმარება და იძულებული არიან შეშაც საკუთარი ფულით იყიდონ. მოსახლეობას, რომელიც თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს, მოსავლის აღებისა და დაბინავების პრობლემაც გაუჩნდა.
მოგვიანებით, ქვეყნის პირველი პირი ამავე დასახლებაში მცხოვრებ, 2008 წელს ერედვიდან დევნილ ციალა მაისურაძეს ესტუმრა. ინვალიდ ქალბატონს, რომელსაც ცალი ხელი არ აქვს, სოციალური დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც მის სახლში სარეცხის მანქანა აღმოაჩინეს.