Google+

რელიზები

11.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანაკლიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანაკლიას ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ტურისტული სეზონისა და იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა, რომელთა განხორციელება წინა მთავრობის დროს დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროექტების გაგრძელება, რადგან, ერთი მხრივ, აქ დასაქმებული მოსახლეობა არ დარჩეს უმუშევარი და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო განვითარდეს ანაკლიის საკურორტო ზონა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ანაკლიის მსგავსი კლიმატი შავ ზღვაზე მხოლოდ ორ ადგილზეა - გალის ნაწილში და ბიჭვინთაში. ამიტომ, მისი თქმით, ამ ადგილის განვითარება მნიშვნელოვანია კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც.როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ანაკლიის სასტუმროებში ქართველ დამსვენებლებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც იმყოფებიან, რაც, მისი თქმით, მკაფიო პასუხია მათ ბრალდებაზე, ვინც ამ ობიექტების მშენებლობას ხელისუფლების ზეწოლად აფასებდა. “ანაკლიაში შემხვდნენ ლატვიელი, ჩინელი, რუსი, სომეხი, უკრაინელი, ბელორუსი დამსვენებლები, ერთადერთი უცხოელი აქ ე.წ. რუსი სამშვიდობოები იყვნენ.მახარებს ის ფაქტი, რომ ანაკლიაში წელს ბევრი ტურისტი ჩამოვიდა. სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქართველები არიან ნაკლები რაოდენობით,  მაგრამ უცხოელების ჩამოსვლა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების საწინდარია. კარგი იქნებოდა აეროპორტის მშენებლობა დამთავრებულიყო ფოთში.ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც დავარწმუნეთ ანაკლიაში სასტუმრო აეშენებინა (და კარგია რომ ააშენა), შემდგომში ძალით აწერინებდნენ ჩვენებას, თითქოს, მან იმის გამო ააშენა, რომ ბიზნესზე ზეწოლას ვახდენდით. ნეტავ ასეთი ზეწოლა სხვაზეც განხორციელებულიყო - ახლა გავიგე, რომ ეს სასტუმრო 100 პროცენტით არის სავსე,  ფული შემოდის, ხალხი დასაქმებულია - კარგი ზეწოლა გაგვიხორციელებია. ფოთში დევს აწყობილი რესტორანი, რომელიც ანაკლიაში უნდა განთავსებულიყო და ძალიან მიმზიდველი იქნებოდა, თანაც ფული უკვე გადახდილია, ყველაფერი მოგვარებულია და იმის გამო, რომ ჩემი იდეა იყო, არ მოაქვთ. ანაკლიაში გრძელი სეზონია, არასდროს არ ცხელა ძალიან. ასეთი ადგილი მთელ შავ ზღვაზე მხოლოდ გალის ნაწილი და ბიჭვინთაა. ამიტომ არ შეიძლება, რომ ამ კურორტმა არ იმუშაოს. თუ არ გაგრძელდა მშენებლობა, შრომა წყალში ჩაიყრება. სახელმწიფომ უნდა მისცეს ბიზნესს სტიმული, კრედიტი. ამ ობიექტების მშენებლობას მოყვება ხალხის დასაქმება და ქართული კურორტის განვითარება. წელს ჩივიან, რომ ქართველები არ ჩამოვიდნენ. ამ ადგილს ცუდი პიარი გაუკეთეს და ზოგს ჰგონია, რომ ამით მე დამაკლდება რამე იმის გარდა, რომ გულის მწყდება. ანაკლიაში, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საუკეთესო აკვაპარკია, აქვე იქნება ინდოელების მიერ აშენებული საუკეთესო სასტუმრო. ვფიქრობ, აქაურობას 2-3 სასტუმროც რომ დაემატოს, ნამდვილად გახდება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი, დიდი პორტის გაგრძელება. ძალიან მიხარია, რომ ნეგატიური რეკლამის  მიუხედავად, ანაკლიის პროექტმა იმუშავა. მინდა, რომ დაწყებული საქმე გაგრძელდეს, მომავალში ხალხი ჩამოვიდეს და თავად ნახოს რა სილამაზეა აქ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)