Google+

რელიზები

07.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი: "გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის არის საქართველოს სიმბოლო"

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ალვანში დღეს გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული ჯარისკაცის დედასთან 2008 წლის ომში შვილის გმირობის მაგალითი კიდევ ერთხელ გაიხსენა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მას გმირის გაზრდისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი გმირების თავდადებაზე დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.  

"ბევრი იმასაც ამბობს, რომ ეს ომი სისულელე იყო. ეს ხალხი - პოლიტიკოსები არიან ისინი თუ არა, არ იმსახურებენ თავისუფლებას, მაგრამ ის ოჯახი, ის სოფელი, ის მხარე, რომელმაც გაზარდა გიორგი ანწუხელიძე, ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს სახელმწიფო. 2008 წელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და დამპყრობლისგან გათავისუფლების ომი. დამპყრობელი, რომელმაც მოგვიწყო ეკონომიკური, ენერგეტიკული ემბარგო, ათასგვარი პროვოკაცია და ვერაფერი გააწყო ვერც შიგნიდან და ვერც გარედან, პირდაპირ შემოვიდა ომით. რომ არა გიორგისა და სხვა ჩვენი მებრძოლების გაუტეხელი გმირობა, ქართული სახელმწიფო აღარ იარსებებდა და საქართველოს არ ექნებოდა მომავალი.  პოსტსაბჭოთა სივრცეზე სწორედ ჩვენ შევქმენით პირველებმა ნამდვილი სახელმწიფო. ნამდვილი სახელმწიფო კი ეფუძნება პატრიოტებს, გმირებს და ჯარს. ბრიყვია ის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ჯარი ან საერთოდ არ უნდა ყავდეს ან უმნიშვნელო უნდა ყავდეს. ბრიყვია ის, ვინც ეჭვქვეშ აყენებს იმ დროს წინააღმდეგობის გაწევია-არგაწევის საკითხს. გიორგის ხომ არ დაუყენებია ეს საკითხი ეჭვქვეშ? სწორედ ამიტომ არის გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის საქართველოს სიმბოლო...", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის პატივსაცემად, სოფელში მონუმენტი დაიდგმება. ქვეყნის პირველმა პირმა, გმირის დედასთან ერთად ის ადგილიც მოინახულა, სადაც ძეგლს დადგამენ. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელი ალვანისა და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება.

 „თქვენ წარმოუდგენლად დიდი გმირის დედა ხართ. ეს შემთხვევით არ ხდება. ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს გიორგი ანწუხელიძის, ზაზა დამენიას, ჟიული შარტავას გმირობის ისტორია; რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის; რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში ასეთი გმირები იზრდებოდნენ... ეს ერი სწორედ იმით გადარჩა, რომ ქვეყანას ასეთი გმირები ჰყავდა და ვიდრე ასეთი ქართველები გვყავს, საქართველოს გადაშენება არ უწერია... თქვენი შვილის სახით, ნამდვილი გმირი მთელმა მსოფლიომ ნახა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გმირის დედასთან საუბრისას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)