Google+

რელიზები

01.08.2013
მიხეილ სააკაშვილი: „ ზოგიერთ პოლიტიკოსს დღეს უკვე სინანულისა და დარცხვენის ნოტები შევამჩნიე“

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გენერალ გიგი კალანდაძეს შეხვდა, რომელსაც სასამართლომ დღეს ბრალდება მოუხსნა. მიხეილ სააკაშვილმა მას პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ მის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრისას განაცხადა, სამწუხაროა, რომ გიგი კალანდაძე და ის პირები, რომლებიც დღეს გაამართლეს,  ცხრა თვის განმავლობაში ფუჭად მოცდნენ. 

"ჯერ ერთი, მინდა მოგილოცოთ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, მოგილოცოთ გამართლება. საერთოდ თავიდანვე არც მეეჭვებოდა, რომ სრულიად უდანაშაულო იყავით. მე ამის შესახებ გესაუბრეთ 9 თვის წინაც. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ თქვენ და იმ პატრიოტებს, რომლებიც დღეს გაამართლეს, ცხრა თვე ფუჭად დაგაკარგინეს. საქართველოს არ ჰყავს არც ერთი დასაკარგი ოფიცერი და კადრი. ძალიან კარგად მახსოვს თქვენი მოქმედება მთელი ამ წლების განმავლობაში. მე კარგად მახსოვს ის, რომ 2008 წლის ომში დაიჭერით და მაინც შებრუნდით ცხინვალში. კარგად მახსოვს თქვენი გმირობები. გმირობა იყო ის, რომ გენერალ ხრულოვი გაიქცა თქვენი და ბევრი მებრძოლის ერბლივი მოქმედების შედეგად. კარგად მახსოვს ისიც, რომ საფრენი აპარატები ჩამოაგდეთ, მტერი რამდენიმე დღით შეაჩერეთ და დიპლომატიას დრო მიეცით საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი დედაქალაქის დასაცავად. ამიტომ, მართლაც, მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე გაირკვეს და ეს ბურუსი გაიფანტოს. ვფიქრობ, საზოგადოება ხვდება, რომ ბევრი რამ, რასაც მანამდე ამბობდნენ, სიყალბესა და სიცრუეზე იყო დაფუძნებული. რა თქმა უნდა, იდეალური არავინაა და შეცდომებიც ბევრი იყო და, ალბათ,  დანაშაულებებიც ყველა მთავრობაში ხდებოდა და ხდება , მაგრამ საქართველოში იყო იდეალისტების ჯგუფი, გაბედული ადამიანების ჯგუფი, რომელიც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ქვეყნის პირველმა პირმა სამეგერლოს გუბერნატორის თენგიზ გუნავას შეწყალების საკითხზეც ისაუბრა.

„საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს საფრთხის წყარო მიწოდა იმის გამო, რომ გუნავა შევიწყალე. ეს ის პარლამენტია, რომლის უმრავლესობამაც გამოუშვა დიდი რაოდენობით მკვლელები და პედოფილები. პედოფილიის ამდენი შემთხვევა, რაც ბოლო დროს გვხვდება, საქართველოში არ ყოფილა. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა ჩახალიანი და მარეკ დუდაევი, გუნავა კი, რომელმაც კრიმინალი აღმოფხვრა სამეგრელოში, რომლის დამსახურებით, თქვენთან ერთად გადავარჩინეთ სასაზღვრო კატარღები ფოთში და სენაკის ბაზა. თურმე გუნავას გამოშვება არის მომატებული საფრთხის წყარო და ჩახალიანის, დუდაევის, მარეკას და ამ პედოფილების გამოშვება არ არის საფრთხე. ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ეს ბურუსი აუცილებლად გაიფანტება და ყველაფერს ნათელი მოეფინება. უბრალოდ, დროს არ უნდა ვკარგავდეთ, მე ყველაზე ძალიან სწორედ ამაზე მწყდება გული. მწყინს, რომ ის ბევრი რამ, რაც დაწყებული იყო თავდაცვის სამინისტროში, ისე ვერ გაგრძელდა, როგორც უნდა გაგრძელებულიყო. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი მაგარი ოფიცერი გვყავს - საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები. საწარმოს ხელმძღვანელობა და საუკეთესო ინჟინრები მუშაობენ, მაგრამ სამხედრო წარმოება, პრაქტიკულად, გაჩერებულია. ლონდონში ვიზიტისას, ყველაზე ცნობილმა ექსპერტმა მითხრა, რომ „ლაზიკა“, „დიდგორი“, შკვალური ცეცხლის აპარატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო... უპილოტო საფრენი აპარატები... წარმოუდგენელი სასწაული შექმნა ქართულმა ჯარმა... თქვენ იცით, რომ პრობლემებია თავდაცვაში. ვნახეთ, რომ ტენდერებში ნაცნობ-მეგობრობით გაიმარჯვეს საეჭვო პირებმა. ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ მთავარი უბედურებაა ის, რომ ასობით ჯარისკაცი, მათ შორის სენაკის ბაზაზე, იწამლება რეგულარულად. მსგავსი შემთხვევა ამ რამდენიმე დღის წინათაც მოხდა. ჯარისკაცს და ოფიცერს ასე არ უნდა ვეპყრობოდეთ. კიდევ კარგი ის მაინც გაკეთდა, რომ ლიმიტიანი კვება შეცვალეს... გუნავას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს და ამაზე ხმა არ ამოიღო არავინ და, თურმე, მისი გაშვება ყოფილა პრობლემა. თქვენს შემთხვევაში, დანაშაული ის იყო, რომ სენაკში ჯარისკაცებს ყაზარმის გარშემო, სიცივეში, წელს ზემოთ გაშიშვლებულებს არბენინებდით. რუსულ საბჭოთა ჯარში დღეში ათჯერ მარბენინებდნენ წელს ზემოთ შიშველს მინუს 30 გრადუსიან ყინვაში, ერთი ზამთარი ზაკარპატიაში ვიყავი, ხოლო მეორე ზამთარი კიევში გავატარე, სადაც საკმაოდ ციოდა. ყოველდღე სამიდან 20 კილომეტრამდე გვარბენინებდნენ და მაშინ, ყველა, ვინც ჩემი ოფიცერი იყო უკრაინაში, უნდა დაიჭირონ და გაასამართლონ. გენერალი კალანდაძე ციხეში უნდა იჯდეს და ე.წ. გენერალი კიტოვანი ჭკუას გავრიგებდეს ტელევიზიებიდან - ეს არ არის სამართლიანი მიდგომა! ვფიქრობ, ის, რაც დღეს თქვენთან მიმართებაში მოხდა, იყო სამართლიანობის აღდგენა, თუმცა დაგვიანებით. ვფიქრობ, ამას ყველა ხვდება, მათ შორის ის პოლიტიკოსებიც, ვისაც დღეს უკვე სინანულის და დარცხვენის ნოტები შევამჩნიე. საქართველოს ახლა სჭირდება წისნვლა და  განვითარება, ხალხს კი - დახმარება. დღეს არის განვითარების, წარმოების, შექმნის, განახლების, შენების დრო. საქართველო რომ გადარჩეს, ამისთვის, ძალიან სწრაფად უნდა მიდიოდეს წინ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა გენერალს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სამხედრო სამსახურს და კვლავაც ემსახუროს საქართველოს.

თავის მხრივ, გიგი კალანდაძემ მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)