Google+

რელიზები

08.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „მაშინ,  როდესაც გავრილოვი კარგად ნაქეიფარი უკვე სასტუმროში ისვენებდა, ქართველი პატრიოტები ციხის საკანში ისხდნენ“

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ყურადღება ქვეყნის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ყოფილმა ელჩებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს საერთაშორისო არენაზე მტკიცედ დაემკვიდრებინა ადგილი და ყველას თანაბარუფლებიან მოთამაშედ აღექვა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ დიპლომატებისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო ის, რომ ჩვენს ქვეყანას უკვე მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, წინა წლების განმავლობაში საქართველო წარმატების მოდელი და რეფორმების ექსპორტიორი გახდა. მისი თქმით, სწორედ ეს იყო რუსეთის გაღიზიანების ძირითადი მიზეზიც.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მალე საერთაშორისო მონიტორინგი დაიწყება, რაც სწორედ იმ შეთანხმების შედეგია, რომელსაც ქართულმა მხარემ ჟენევაში რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისას მიმდინარე მოლაპარაკების დროს მიაღწია.

„ყველაზე მეტად რუსეთს საქართველოში აღიზიანებდა არა ჩვენი ნატოში მისწრაფება ან ევროკავშირთან სიახლოვე, არა რიტორიკა, არამედ ის, რომ საქართველო იყოს წარმატების მოდელი. ამიტომ, ამ ურთიერთობაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ თავაწეულად განაგრძოს სვლა და იყოს ღირსეული ქვეყანა. დაუშვებელია საქართველო იყოს თავჩაქინდრული და ამბობდეს, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელო, არაფრის მაქნისი ქვეყანა, რისკენაც გვიბიძგებენ. არის ორი კონცეფცია - ერთია, რომ ჩვენ არ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა, უნდა ვისხდეთ კუთხეში, არავინ არ გავაღიზიანოთ და ასე, რაგორღაც გადავრჩებით. მეორე - ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსია - წავიდეთ წინ, ვიყოთ თავაწეული და გვქონდეს ღირსება...  საქართველოს ვერავინ ვერ დაახრევინებს თავს, ვერანაირი გავრილოვი და ვერანაირი პუტინის მთავრობა! მთავრობა რუსეთშიც შეიცვლება, მაგრამ, ამასობაში, ჩვენი პროგრესი იმდენად შეუქცევადი უნდა გახდეს, რომ რუსი ხალხისთვის ჩვენ ისევ ის გავხდეთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ვიყავით - განვითარებისა და წარმატების მოდელი. იმის მიუხედავად, რომ მტრად განგვიხილავდნენ, ბევრად უფრო პატივისცემით გვეპყრობოდა პუტინი, ვიდრე დღეს გვეპყრობა ონიშენკო! რატომ? იმიტომ, რომ ვიყავით თავაწეული ქვეყანა; იმიტომ, რომ გვქონდა დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა - დემოკრატიული სამყარო საქართველოს უპირობოდ უჭერდა მხარს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი კიდევ ერთხელ შეეხო ეროვნულ სტადიონზე გუშინ მომხდარ ფაქტს. მისი თქმით, იგი მიესალმება ორ ქვეყანას შორის კულტურულ, სპორტულ თუ ტურისტულ სფეროში ურთიერთობის აღდგენას, თუმცა გავრილოვის მსგავსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს იგი დაუშვებლად მიიჩნევს. პრეზიდეტმა კატეგორიულად დაგმო იმ ახალგაზრდების დაკავების ფაქტი, რომლებმაც რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტი გააპროტესტეს.

„ქართველი პატრიოტები დააკავეს იმისთვის, რომ რამდენიმე ასეულ მეტრში იდგნენ პლაკატებით „აფხაზეთი საქართველოა“ და „დამთავრდეს ოკუპაცია“. გავრილოვი ჩამოიყვანეს, უცეკვეს, უმღერეს, ტაშ-ფანდური მოუწყეს, გარშემო უკანა თათებზე ალბათ დაუარეს. მაშინ,  როდესაც გავრილოვი კარგად ნაქეიფარი უკვე სასტუმროში ისვენებდა, ქართველი პატრიოტები ციხის საკანში ისხდნენ. არ მგონია, რომ ეს იყოს ის, რითაც საქართველო განვითარებას შეძლებს. არაფერი არ არის უფრო პრაგმატული, ვიდრე თავაწეული პოლიტიკა. ჩვენ არ ვართ მეორე ან მეხუთეხარისხოვანი ქვეყანა, ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, შექმნილი სირთულეები დროებითია“, - განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა.   

მიმართვისას, მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა, რომლის შედეგადაც საქართველომ, შესაძლოა, მთავარი სტრანზიტო ფუნქცია დაკარგოს.

„ლაზიკა და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის ჩვენი კავშირი ჩინეთთან. ეს რკინიგზა არის ლონდონიდან პეკინში და პეკინიდან ლონდონში მიმავალი გზა ახალქალაქის, საქართველოს გავლით. ქვეყანას ეს სრულიად ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ლაზიკის პორტში ავღანური ტვირთის შემდეგ, ჩინური ტვირთი იქნებოდა. მჯერა, რომ ეს ასეც იქნება მომავალში. ეს არის ის, რაც ჩინეთისთვის, ევროპისა და ამერიკისთვის, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრის - ჰაბის ფუნქციას ანიჭებს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)