საქართველოს პრეზიდენტი: „მოვუწოდებ მთავრობას, სათუთად გაუფრთხილდნენ იმას, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და არც ერთი მთავრობის საკუთრება არ არის“
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც მან არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, სამი დღით ადრე გაიმართება არჩევნები თუ სამი დღით გვიან, რადგან ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. ქვეყნის პირველ პირს მნიშვნელოვნად მიაჩნია არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებით, რომელიც ასევე სამუშაო დღეს გაიმართა, ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუმცა პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს მათთან კომუნიკაციას. ამიტომ ადმინისტრაციის უფროსს მათთან შეხვედრა და მათი არგუმენტებისა და შემოთავაზების განხილვა დაავალა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს საქართველოს კანონების სრული უცოდინარობა გამოავლინა. მან განაცხადა, რომ არჩევნების თარიღის შერჩევისას 27 და 31 ოქტომბერს შორის, 31 ოქტომბერი იმიტომ შევარჩიე, რომ სამი დღით გამეხანგრძლივებინა პრეზიდენტობის ვადა. მინდა მას ვუთხრა: კანონში ზუსტად წერია ის, თუ როდის მთავრდება პრეზიდენტობის ვადა. პრეზიდენტის ვადა მთავრდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან ერთად - ეს თარიღი მკაცრად არის განსაზღვრული და ვერ შევცვლი მას მიუხედავად იმისა, 27-ში დაინიშნება არჩევნები, თუ 31-ში. წინა არჩევნებიც სამუშაო დღეს გაიმართა და რეკორდული დასწრება იყო, მათ შორის, უცხოეთში მყოფი ქართველების მხრივაც. ამის მიუხედავად, კარგად მოვისმინე არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები. მათ აქვთ გარკვეული თემები, რომლებიც უკავშირდება სწორედ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენი თანამემამულეების მიერ არჩევნებში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური პრობლემები არ არის, დღეს საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ზურაბ ხარატიშვილს შევხვდი. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს დავავალე შეხვდეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მოისმინოს მათი არგუმენტები, რადგან ჩვენ, რა თქმა უნდა, აკვიატებული არც ერთი თარიღი არ გვაქვს... მზად ვართ, ეს საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ, რათა კარგად აწონილ-დაწონილი რეაქცია გვქონდეს მათ შემოთავაზებასა და თხოვნაზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა შეიარაღებული ძალების თაობაზე გაკეთებული განცხადების შესახებაც ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის განცხადებას, თითქოს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შეიარაღებულ ძალებს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, უპასუხისმგებლო უწოდა. საქართველოს პრეზიდენტი ბიძნა ივანიშვილს ურჩევს თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომელიც აკნინებს საქართველოს შეიარაღებულ ძალების მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს აზარალებს იმას, რაზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი.
„როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა არ შემიძია რეაგირება არ მოვახდინო იმაზე, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით თქვა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ შეიარაღებული ძალები აღვჭურვეთ და განვავითარეთ, ყველაფერი დამთავრდა ძალიან ცუდად და, პრაქტიკულად, რუსების თეზისი გაიმეორა. მეორე, რაც მან თქვა, იყო ის, რომ შეიარაღებულ ძალებს, თურმე, არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს უსაფრთხოებისათვის. დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მას არ უმაგრებს მხარს შეიარაღებული ძალები, ის ყოველთვის წარუმატებელია. მინდა ბატონი ივანიშვილის გასაგებად ვთქვა: 2008 წელს რომ არა ჩვენი შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობა, მათ რომ არ მოეგერიებინათ პირველი შეტევები და არ ჩამოეგდოთ პირველი საფრენი აპარატები, არ გვექნებოდა დრო დიპლომატიისათვის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. ის, რაც მას არ ესმის, მე ძალიან კარგად ვიცი და მომავლისთვისაც ვურჩევდი - არა მხოლოდ როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ თავი შეიკავოს შეიარაღებული ძალებზე ასე აგდებული ლაპარაკისგან. ეს კარგად ეხმიანება და, პრაქტიკულად, მიყვება მტრის პროპაგანდას. ეს აზარალებს იმას, რაზეც დგას ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი. მე ძალიან ვამაყობ შეიარაღებული ძალებით. მიმაჩნია, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და ამას გააგრძელებს კიდეც საქართველოს მომავლისთვისაც.
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ასევე მოუწოდა გაუფრთხილდეს ქვეყნის სახელს და საერთაშორისო იმიჯს, რასაც წინა მთავრობამ მძიმე და მრავალწლიანი შრომის შედეგად მიაღწია.
„ის, რასაც პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის პიარს, სიცრუეში ცხოვრებას, უცხოელების შეცდომაში შეყვანას უწოდებს, არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, საქართველოს განსაკუთრებულობა, საქართველოს წარმატებულობა მთელ მსოფლიოში. ეს კი ეფუძნებოდა იმ მძიმე შრომას, რომელიც ჩვენ წინა წლებში გავწიეთ. ჩვენ ვმუშაობდით უცხოურ სახელმწიფოებთან, ვამკვიდრებდით საქართველოს სახელს მთელ მსოფლიოში. ეს ასევე ეფუძნებოდა იმ რეალურ ცვლილებებს უკეთესობისაკენ, რომლებიც განხორციელდა საქართველოში. ეს იყო ის, რის ხარჯზეც საქართველო იყო დაცული და პატივცემული ქვეყანა მთელ სამეზობლოში, გარშემო ყველა შემოგვნატროდა და ყველგან ხელისგულზე გვატარებდნენ. ყოველივე ამის ნგრევა, დღეს იმ ტოტის მოჭრის ტოლფასია, რომელზეც ზის ჩვენი ქვეყანა. თუკი კვლავაც მიიღებენ ისეთ რეზოლუციებს, როგორიც დღეს მიიღეს და რომელშიც ლაპარაკია პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, დემოკრატიის ნგრევასა და ეკონომიკური კლიმატის გაუარესებაზე, საქართველო დარჩება დაუცველი. ერთხელ შელახული სახელის აღდგენა შემდეგ ძალიან რთულია და შექმნილ სახელს თუ გააფუჭებენ, როგორც ამას ყოველდღე ცდილობენ, ვითარების შემობრუნება ძალიან ძნელი იქნება. ეს ძალიან მაღელვებს და მოვუწოდებ მთავრობას, სათუთად გაუფრთხილდნენ იმას, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და არც ერთი მთავრობის საკუთრება არ არის. თავისი ბოღმისა და ღვარძლის გამო, ამას ნუ გადააყოლებენ საქართველოს რეპუტაციასა და ინტერესებს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.