Google+

რელიზები

05.06.2013
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სამაგისტრო პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და დაფინანსება მოიპოვეს უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებზე. 

ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ქვეყანას განათლებული თაობა სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრი სტუდენტი დარჩა დაფინანსების გარეშე და ამიტომ ამ საქმეში სახელმწიფომ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. აქედან გამომდინარე, მთავრობას მან ახალგაზრდების უცხოეთში სწავლის დაფინანსებისკენ მოუწოდა. იგი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მის მოწოდებას ყურადღებით მოეკიდება და ახალგაზრდებს უცხოეთში სწავლის ამ უნიკალური შესაძლებლობის მიღმა არ დატოვებს.

„ძალიან ბევრი კონკურსანტი იყო, თუმცა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ფონდი წელს გაცილებით მცირეა, ვიდრე გასულ წელს იყო. განაცხადის შემომტანთა 90 პროცენტი  გასაშვები იყო სასწავლებლად, თუმცა 200-მდე აპლიკანტიდან მხოლოდ 37 დავაფინანსეთ. ძალიან მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტში პრობლემებია, ამისთვის ფულს არ უნდა ვზოგავდეთ. ჩვენ ბევრი სტუდენტი უნდა გავუშვათ უცხოეთში. სულ უფრო მეტი კვალიფიციური სპეციალისტი ფიქრობს საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლაზე. ეს ტრაგედიაა და არ უნდა დავუშვათ. ერთ-ერთი საამაყო ის მქონდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ასეთი ხალხი ბრუნდებოდა საქართველოში. ღმერთმა დაგვიფაროს, მივიღოთ მიგრაციის ნეგატიური ბალანსი. ყველა უნდა დაეუფლოს ცოდნას, მაგრამ, ამავდროულად, უნდა შევქმნათ პირობები, რომ ასეთი ადამიანების ცოდნა საქართველოს საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. ჩვენი ფონდი წელს იყო ძალიან მცირე და მოხმარდა კონკრეტულ პროფესიებს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დააფინანსოს ჩვენი ახალგაზრდების სწავლა უცხოეთში. ამაზე უკეთეს საქმეს, ქვეყნისთვის ვერ გააკეთებენ. ამას აკეთებდა ჩემი მთავრობა და მინდა, ეს გააკეთოს ჩვენი მთავრობის შემცვლელმა ხელისუფლებამაც. პრეზიდენტის ფონდში ფული არ დაგვიტოვეს, მაგრამ რაც დაგვრჩა, იმის დიდ ნაწილს განათლებას ვახმართ. მოვუწოდებ მთავრობას, იმ ხალხს, ვინც ჩვენთან გაიარა გასაუბრება, მაგრამ ჩვენი ფული არ ეყო, მთავრობამ მისცეს სარეზერვო ფონდიდან, რადგან ეს ახალგაზრდები წახალისებას იმსახურებენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხსაც შეეხო და მთავრობას ტრაგიკული შეცდომის გამოსწორება ურჩია.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 200-მდე სტუდენტმა, რომელთაგან კომისიამ 37 აპლიკანტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეარჩია. გამარჯვებული სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ და გაემგზავრებიან ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიცაა: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ), კორნელისა (აშშ) და დიუკის (აშშ) უნივერსიტეტები, ნიუ-იორკის კონსერვატორია, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი (შვეიცარია), ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ლონდონის იმპერიალ კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი) და ა.შ.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის N201 ბრძანებულების შესაბამისად, კონკურსი უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების მიმღები საქართველოს მოქალაქეების შერჩევის მიზნით 1 აპრილს გამოცხადდა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)