Google+

რელიზები

14.05.2013
მიხეილ სააკაშვილი: "თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას  წამყვან  ევროპულ ქვეყნებში  არ მიიწვევენ უმაღლეს დონეზე, ჩვენ ოკუპანტის ამარა დავრჩებით."

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებსა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ამისათვის დაწყებული პროექტების დასრულებაა საჭირო.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა ჩამოსვლისას, ქვეყნის მოქმედ ხელმძღვანელობას შევხვდი, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ რა მოხდება 2016 წელს - ვინ იქნება ამერიკის ლიდერების შემდეგი თაობა. ამიტომ, ახლა, საგანგებოდ გამოვყავით რამდენიმე დღე, რათა, პრაქტიკულად, ორივე პარტიის - დემოკრატებისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლებს შევხვდეთ, მათ, ვინც ხვალ იქნება ამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში. დღეს ვითარება ასეთია: პუტინის რუსეთი სულ უფრო სუსტდება. ფიქალის გაზის თემის, რუსეთის საბიუჯეტო კრიზისისა და ზოგადად, მისი დღევანდელი მთავრობის პერსპექტივის გათვალისწინებით, რუსეთი დაღმა მიექანება. ამავდროულად, ამერიკაში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა და შემდგომ წლებში მისი როლი სულ უფრო გაძლიერდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავლისათვის უნდა ვიყოთ მზად, რადგან ჩვენ ურთიერთობას ყველაზე მეტი პერსპექტივა სწორედ ამერიკასთან აქვს. ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა სცადოს ჩვენი დარწმუნება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ისევ უნდა დავბრუნდეთ დასუსტებული რუსეთის კონტროლის ქვეშ, მაინც ვიცით, რომ ახლა ასეთი კონტაქტების დროა. ეს, დაახლოებით, იგივეა, დავით აღმაშენებლის დროს რომ გვეთქვა - თურქ-სელჩუკების დაშლის პირას მყოფი იმპერიის კონტროლქვეშ დავბრუნდეთო. ამასთან დაკავშირებული მეორე საკითხია, რომელიც ძალიან მაწუხებს, ჩვენ ლაზიკას პორტის მშენებლობის შეჩერებაა. ამ პორტის მშენებლობა რომ არ შეეჩერებინათ, მომავალი წლის დამდეგს ორი ნავმისადგომი ამუშავდებოდა 100 000 ტონის წყალწყვის გემების დასაცლელად. ზუსტად ამ დროისთვის ავღანეთიდან ჯარების გამოსვლის პიკი იქნება. ეს ნავსადგომები კარგად რომ გამოგვეყენებინა ავღანეთიდან ტვირთების წამოღების დროს,  საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდებოდა. ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს სამეგრელოსა და გურიის სოფლებში, რომლებსაც ახალ პორტში მაღალანაზღაურებადი სამუშაო გაუჩნდებოდათ. სწორედ ამაზე ვთქვით უარი, როდესაც  პორტის მშენებლობა გავაჩერეთ. ამით სააკაშვილს კი არ გაუხეთქეს გული, როგორც ეს ზოგიერთს  ეგონა, არამედ, რეალურად, ათობით ათას ადამიანს დავუხშეთ დასაქმების პერსპექტივა. ჩვენ შეგვეძლო ავღანეთიდან ტვირთის გამოტანის ამერიკულ სქემაში ჩვენი პორტიც ჩაგვერთო, შეგვექმნა დიდი ლოჯისტიკური ცენტრები, ტერმინალები და ა.შ.“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება უცხოეთში ვიზიტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრების დიდ მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს აუცილებელია ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.

„მაწუხებს ის, რომ დღეს საქართველოსთვის, საერთაშორისო ურთიერთობის მხრივ,  ვაკუუმი შეიქმნა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს და საქართველოში მოვიდა ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება, პირველივე სამ თვეში, მე მქონდა ვიზიტები ვაშინგტონში თეთრ სახლში, ინგლისის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, მოსკოვში პუტინთან და, რა თქმა უნდა, ევროპის სხვა მნიშვნელოვან ქვეყნებში. რეალურად, საქართველოს ახალ მთავრობას, ჯერჯერობით, მეზობლების გარდა, რომლებიც ვალდებული არიან გველაპარაკონ, არც ერთი სერიოზული ორმხრივი ვიზიტი არ ჰქონია და ეს მე მაწუხებს. ამას წინათ, პოლონეთში ვიზიტისას, პოლონეთის ხელმძღვანელობას ვთხოვდი, ოფიციალური ვიზიტით მოიწვიონ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რადგან დღეს ეს ძალაა აღმასრულებელი ხელისუფლება. მე, რა თქმა უნდა,  შემიძლია ვიარო და ვიზიტებისას ვლაპარაკობ კიდეც საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე,  მაგრამ ასეთი იზოლაცია მხოლოდ პუტინის ინტერესებს შეესაბამება. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას  წამყვან  ევროპულ ქვეყნებში  არ მიიწვევენ უმაღლეს დონეზე და ხელს არ ჩამოართმევენ, ჩვენ ოკუპანტის ამარა დავრჩებით. პრემიერ-მინისტრი იმას კი არ უნდა დარდობდეს, რატომ დადის პრეზიდენტი ამ ქვეყნებში, იმას უნდა დარდობდეს, თვითონ რომ არ დადის. ეს მთავრობა გამოუცდელია და სჭირდება მსგავსი ურთიერთობა, რომ რაღაცები კარგად აუხსნან. ამ მხრივ, ვითარება დღეს სახარბიელოდ ნამდვილად არ გვაქვს და არასწორია მიდგომა: რადგან ჩვენ არ დავდივართ,  იმათმაც არ იარონო.  მივმართავ პრემიერ-მინსიტრს - ნერვები ნუ გეშლებათ თუ მე დავდივარ (ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მე მაშინაც მომიწვევენ როდესაც პრეზიდენტი აღარ ვიქნები), მაგრამ მოდით მიხედეთ იმას, რომ მთავრობა, პრაქტიკულად, იზოლაციაშია და ჩვენი ქვეყნისთვის ეს ნამდვილად არ არის კარგი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)