რელიზები
06.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი ბურსას რაიონში ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებს შეხვდა
თურქეთში ბურსას რაიონში საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკურად ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი სოფელ ჰაირში ორ ოჯახს ესტუმრა. პრეზიდენტთან შესახვედრად ადგილობრივი მოსახლეობაც იყო შეკრებილი. საქართველოს პრეზიდენტს მათ გადასცეს წერილი, რომელშიც თურქეთში მცხოვრები ქართველები დეტალურად აღწერენ მათი გადმოსახლების ისტორიას აჭარის რეგიონის სოფელ მაჭახელადან 1887 წელს. წერილში აღნიშნულია, რომ ისინი თურქეთის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, თუმცა სურთ მჭიდრო კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან. ყველას, ვისაც შენარჩუნებული აქვს ქართული ენა და კულტურა, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭებას დაპირდა. ერთ-ერთი ოჯახის უფროსსა და მის მეუღლეს, ბასრი ილდირიმსა და მაქბულე ილდირიმს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დღესვე მიანიჭა.
სოფელი ჰაირი ქართველებმა 120 წლის წინათ დააარსეს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ შემოინახეს მშობლიური ენა, რომელზეც სოფლის თითოეული მკვიდრი თავისუფლად ლაპარაკობს.
მათთან შეხვედრის შემდეგ ბურსას რაიონის ქალაქ ინეგულში პრეზიდენტმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართა ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებთან. ქვეყნის პირველმა პირმა მათ სიტყვით მიმართა და ქართველობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება თურქეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა.