Google+

რელიზები

01.03.2013
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით.

რამდენიმე დღის წინათ პრემიერ-მინისტრმა ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია მანამდეც იყო გაცხადებული და ახლაც - ჩვენ გვინდა ქვეყანაში კლიმატის განმუხტვა, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა.

სრულიად ნათელია, რომ ქვეყანა ახლა პოლიტიკურ კრიზისს განიცდის და გვსურს, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების კურსს და განაგრძოს პროგრესი. ამიტომ მზად ვართ, ძალიან ფართო, გახსნილი, მოქნილი, ყოვლისმომცველი დიალოგისთვის ყველა საკითხზე, მათ შორის, კონსტიტუციაზე.

ჩვენი პასუხი ამ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ულტიმატუმზე, იყო,  ვფიქრობ, კონსტრუქციული და ძალიან ზრდილობიანი.

ჩვენი პასუხია, რომ ნებისმიერ ადგილზე უახლოეს პერიოდში ვართ მზად შესახვედრად და სერიოზულად სალაპარაკოდ.

დღეს დილიდან ჩავრთე ტელევიზორი და ჯერ ერთი, რაღაც გუშინდელი დღიდან მინიშნებებით, გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით ითქვა, რომ თითქოს, შესაძლოა, რაღაც შეხვედრა გაიმართოს, მაგრამ არავის კონკრეტული არაფერი არ უთქვამს.

დღეს დილით უკვე ტელევიზიით გავიგეთ, რომ თურმე შეხვედრა უკვე ჩაიშალა და თან, ჩვენ მიერ.

ახლა თავი დავანებოთ იმ უცნაური, აგრესიული გამოთქმების კორიანტელს, რომელიც გამოიყენეს დღეს, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი შეხვედრა დღეს დაგეგმილი არ ყოფილა, მით უმეტეს, არც ადგილი და არც საათი.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უნდა შევეშვათ არასერიოზულ, გაურკვეველ მანევრებს და  შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, ოღონდ შეხვედრა არა შეხვედრისთვის, არამედ იმისათვის, რომ მოვილაპარაკოთ.

მზად ვართ, ამისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადოთ და ამიტომ შეგკრიბეთ დღეს ყველანი. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხს პრემიერ-მინისტრიც სერიოზულად მიუდგება და სათანადოდ, გულდასმით მოემზადება ასეთი შეხვედრისთვის.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სავსებით საკმარისია, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ერთმანეთთან მოვილაპარაკოთ, ჩვენს რეგიონულ ორგანიზაციებთანაც გავმართოთ კონსულტაცია და ამის თაობაზე საზოგადოების სხვა დაინტერესებულ წარმომადგენლებსაც  ვესაუბროთ.

წამოვჭრათ ეს თემები, მოვისმინოთ მათი აზრი და ვიმედოვნებ, რომ ზუსტად იმავეს გააკეთებს საქართველოს მთავრობის გუნდი.

ამის შემდეგ, ორშაბათს, დილიდან, ნებისმიერ ადგილზე, ვფიქრობთ, მოვძებნით შეხვედრის საშუალებას შემდგომი დღეების განმავლობაში და საგნობრივად ვისაუბრებთ ამ თემებზე. 

ეს ჩვენი ინიციატივაა, მაგრამ ემყარება იმას, რომ ეს უნდა იყოს სერიოზული, საგნობრივი, შინაარსიანი, შედეგის მომტანი შეხვედრა.

ამას გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს პირდაპირი სატელეფონო ხაზი ჩემთან და არ გვჭირდება „გაფუჭებული ტელეფონის“ თამაში - ერთმანეთთან facebook-ით, ულტიმატუმებითა და შეურაცხყოფებით საუბარი. მშვიდად შეგვიძლია ავიღოთ ტელეფონის ყურმილი,  დავრეკოთ, მოვილაპარაკოთ გასაგებ ქართულ ენაზე და ყველა საკითხი გადაწყვიტოთ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)