Google+

რელიზები

08.12.2012
მიხეილ სააკაშვილმა პატივი მიაგო ლეხ კაჩინსკის ხსოვნას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული ლეხ და მარია კაჩენსკების ხსოვნას და კრაკოვში ვაველის ტაძარში გვირგვინით შეამკო მათი საფლავი. ქვეყნის პირველმა პირმა ქართული და საერთაშორისო მედიისთვის კომენტარიც გააკეთა და ყურადღება საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ლეხ კაჩენსკიმ უდიდესი როლი შეასრულა და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

„კარგად უნდა გავაანალიზოთ თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა კაჩენსკიმ ჩვენთვის, ისევე როგორც სხვა ევროპელმა ლიდერებმა. მაშინ საქართველოს სახელმწიფო მათი წყალობით  გადარჩა. დღეს ხშირად გვესმის: ომი წავაგეთ თუ მოვიგეთ? რა თქმა უნდა, ვიდრე დამპყრობელი დგას საქართველოს მიწაზე, ომის მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, ვინაიდან საქართველო გადარჩა, არც დამპყრობელს მოუგია ომი. ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ - ის, რაც მან ვერ გააკეთა 2008 წელს, ჩვენივე ხელებით არ გავაკეთოთ ახალ ეპოქაში. დამპყრობელმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია - ვერ დაამხო ქართული სახელმწიფოებრიობა, ვერ შეცვალა ქართული კურსი და, რა თქმა უნდა, ამაში ლეხ კაჩენსკის როლი ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. სწორედ მან შეკრიბა ევროპელი ლიდერები, წამოიყვანა ისინი და ძალიან დიდი საერთაშორისო მობილიზება მოახდინა. უდავოა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ბუშის როლი, რადგან საქართველოსკენ ამერიკის ფლოტი რომ არ დაძრულიყო, რასაკვირველია, ძალიან ძნელი იქნებოდა ყველაფრის შემობრუნება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სარკოზი... ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ ვიყავით ისეთი ქვეყანა, რომლის გადარჩენა მთელს მსოფლიოს უღირდა და ჩვენ უნდა დავრჩეთ ასეთ ქვეყანად. საქართველოს მიმართ ყველა სიმპატიით იყო განწყობილი და თუ ჩვენ დავკარგეთ დანარჩენი ევროპის, ამერიკის, დასავლეთის პატივისცემა, ჩვენი დამხმარე და მშველელი არავინ აღარ იქნება. ეს უნდა გავიაზროთ. აქ ლაპარაკი არ არის რომელი მთავრობა იქნება ქვეყნის სათავეში - არ უნდა ჩავიგდოთ თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ შეიქმნას ვითარება და არავის აღარ ანაღვლებდეს ჩვენი ბედი. აი, მაშინ ვიქნებით ძალიან კარგი ლუკმა. 2008 წელს ყველაფერი პირიქით იყო. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემა და, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილოთ ახალი სამხედრო კონფრონტაციები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)