Google+

რელიზები

02.11.2012
გურიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და მთავრობას მოუწოდა ადგილზე გაეცნოს პრობლემებს და ვითარების განსამუხტად, შესაბამისი ზომები მიიღოს. ქვეყნის პირველი პირის განცხაებით, დაძაბულობას, რომელიც იმის გამო წარმოიქმნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსულიმან ეკომიგრანტებს ლოცვის საშუალებას არ აძლევს, ხელოვნური ხასიათი აქვს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ბოლო დღეებში გურიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა შემდეგი: საქართველო არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური ქვეყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობენ  სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. გურიაში ცხოვრობს ძალიან მშვიდობიანი და კარგი ხალხი. ამიტომ მეჩვენება, რომ იქ ყოველგვარი დაძაბულობა ხელოვნური ხასიათისაა და შეიძლება პროვოცირებულიც კი. პრაქტიკულად, უკვე ცხრა წელიწადია საქართველოში მსგავსი დაძაბულობის არც ერთი ფაქტი არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, რომ  ახალი მთავრობის ინტერესებს წარმოადგენს ის, რომ შენარჩუნდეს სამოქალაქო მშვიდობა და მომავალშიც გაგრძელდეს ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ დაუშვას ვითარების კონტროლიდან გასვლა, რადგან საქართველოს მსგავს ქვეყანაში, ჩვენი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ასეთი რამეები პოტენციურად, შეიძლება, ძალიან საშიში იყოს. მინდა მოვუწოდო ახალი მთავრობის წარმომადგენლებს ჩავიდნენ ადგილზე და ყველაფერი გააკეთონ სიტუაციის ბოლომდე განსამუხტად და მომავალში დაძაბულობის ან, მით უმეტეს, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს განვითარებას, შევინარჩუნებთ სამოქალაქო მშვიდობას და არ დავუშვებთ, რომ მომავალში ვინმემ ამ ტიპის პრობლემები შეუქმნას ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)