Google+

რელიზები

22.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო.

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე.

ის სტუდენტები, რომლებიც ახლა აქ იმყოფებით, ესწრებით მართლაც ისტორიულ დღეს საქართველოსთვის, ამ ქალაქისთვის, საქართველოსთვის მომავლისთვის, საქართველოს საგანმანათლებო სისტემისა და თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩვენ ვხსნით საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას მათ შორის, რომელიც ოდესმე გაკეთებულა საქართველოში.

საქართველოს აქვს უნივერსიტეტებისა და საუნივერსიტეტო განათლების დიდი და  სახელოვანი ტრადიცია.

თქვენ იცით, რომ დავით აღმაშენებელმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო დაწესებულება - მან ჩაუყარა საფუძველი გელათის აკადემიას.

შემდეგ ივანე ჯავახიშვილმა შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულების მიერ ევროპიდან შემოტანილ   ტრადიციებს.

მაგრამ ის, რასაც დღეს ვქმნით, არის 21-ე საუკუნის შესაბამისი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

ეს არის პირველი, თავიდან ბოლომდე უმაღლესი კლასის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოში გაიხსნა.

ეს კავკასიის ყველაზე მაღალი შენობაა და კავკასიის ეს ყველაზე მაღალი შენობა არის საგანმანათლებლო დაწესებულება.

შენობის სიმაღლე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის, რომ ბევრად უფრო დიდ სიმაღლეებს დაგვაპყრობინებს.

აქ ათასობით სტუდენტს ექნება სწავლის შესაძლებლობა და ეს მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.

კარგი სტუდენტების 25 პროცენტს მთლიანად დააფინანსებს სახელმწიფო. ამიტომ, ვინც კარგად ჩააბარებს გამოცდებს, ვინც აიღებს გრანტს, აქ მოხვდება უფასოდ, ხოლო ის, ვინც კარგად ისწავლის, სახელმწიფოსგან, დამატებით, სტიპენდიასაც მიიღებს.

ჩვენ მოვიწვევთ საუკეთესო ქართველ პროფესორებს მთელი მსოფლიოდან და ჩვენ მთელი მსოფლიოდან ჩამოვიყვანთ საუკეთესო უცხოელ პროფესორებს საინჟინრო დარგში, ტექნოლოგიურ დარგში, ინფორმატიკის დარგში, ყველა იმ სფეროში, რომელიც საქართველოს ახლა სჭირდება.

დღეს ჩემი ოცნება ახდა.

ზოგიერთებს ეს ფანტაზია ეგონა...

მე არც პროექტებს ვაწყობ, არც ფანტაზიებით ვიკვებები.

ჩვენ ვგეგმავთ, ვაკეთებთ, ვასრულებთ და გაბარებთ თქვენ, მომავალ თაობას, საქართველოს მომავალს.

მინდა მოგილოცოთ ეს დღე, საქართველო მართლაც წავა წინ.

ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხსნათ თავი წარსულისგან, რომლის ყველაზე მახინჯი გამოვლინება ბოლო დღეებში ვიხილეთ.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის იმ ახალგაზრდების, ვინც აპროტესტებს ძალადობას, მაგრამ მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო შეკითხვა, რომელიც გუშინ, იუსტიციის სახლის გახსნისას დავსვი.

ვის უფრო ანდობთ თქვენ ქვეყანას - ხატია დეკანოიძეს, ეკა ზღულაძეს, გიორგი ტუღუშს, თუ გოგა ხაინდრავას და თამაზ თამაზაშვილს?

გაიყვანს საქართველოს სამშვიდობოს რუსეთის ფულით შემოსული, რუსული კომპრომატებით, რუსული მეთოდებით მებრძოლი ხალხი, რომლებსაც უნდათ დაგვაბრუნონ პუტინის რუსეთში, რომელიც არის უსამართლობის ნიმუში?

 ის, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, იქ ყოველ დღე ხდება...  

ამ ფაქტზე ჩვენ მოვახდინეთ ისეთი რეაქცია, როგორსაც ჩვენს ქვეყანაზე ბევრად განვითარებული დემოკრატიული ქვეყნები არ მოახდენდნენ.  

რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უფრო მგრძნობიარე ხალხი ვართ. შესაძლოა, ბელგიასა და ამერიკაში ამდენი მინისტრი არ გადაეყენებინათ.

რა თქმა უნდა, ამერიკაშიც ძალიან ბევრჯერ მომხდარა მსგავსი, ევროპაშიც და, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში.

ჩვენ მათზე შორს წავედით, რადგანაც ჩვენ ამ წარსულიდან მოვდივართ და აღარ გვინდა იქ დაბრუნება.

ის, რაც ხდებოდა გლდანის ციხის სარდაფში, თუ იქიდან გამოძვრა თამაზაშვილი და დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ეს ხვალ და ზეგ ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდება ამ შენობების გარშემო.

მე არავის არ ვაშინებ, თქვენ ძალიან კარგად იცით - არც ისეთი პატარები ხართ, რომ არ გახსოვდეთ რა ხდებოდა საქართველოში.

ჩვენ არც ისეთი მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ რა თამაში მიმდინარეობს.

ის ხალხი, ვინც ყოველივე ეს ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება, ვინც ეს დაუშვა, უფრო მაგრად დაისჯება და უკვე აგებენ პასუხს, მაგრამ ვინც ეს დააფინანსა, იმას ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი უახლოეს დღეებში - არჩევნებზე; მათ, ვინც ამას ინახავდა არჩევნებისთვის, რათა დივიდენდები მიეღო და შემდეგ გმირებად ექცია ის კრიმინალები, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობდნენ.

მათ გეგმებზე ძალიან ბევრი რამ არის ცნობილი და მათ ვერ უნდა მიიღონ დივიდენდები, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არჩევნებისთვის გაკეთდა -ისინი ამ ფაქტებს მრავალი თვის განმავლობაში აგროვებდნენ.

სამწუხაროდ, ახლა უკვე ვიცით ეს - რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა.

ისინი ცდილობენ, რომ  ჩაგვითრიონ იქ, საიდანაც უკან ამოსვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ჩვენ ძლივს დავიწყეთ იქიდან თავის დაძვრენა და არ შეიძლება დავბრუნდეთ წარსულში, როგორი პრობლემებიც არ უნდა გვქონდეს  დღევანდელობაში.

ამიტომ, ყველა გამოწვევას ვიღებთ სერიოზულად, მაგრამ ეს უნივერსიტეტი აღემატება ყოველივე იმას, რაც მე მინახავს ევროპაში, ამერიკაში, პრაქტიკულად, ყველა ადგილზე.

სხვათა შორის, ეს მხოლოდ ნაწილია - ახლა ვაგრძელებთ აქ ლაბორატორიების შექმნას.

მინდა ვუთხრა თბილისიდან ჩამოსულ სტუდენტებს ტექნიკური უნივერსიტეტებიდან - აქ იქნება თქვენი მაგისტრატურა.

მინდა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუთხრა, თქვენთვის არა მხოლოდ მაგისტრატურა იქნება აქ, არამედ ამ უნივერსიტეტის პროფესორები, პარალელურად, ბათუმის უნივერსიტეტშიც წაიკითხავენ ლექციებს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლონ კრედიტების აღება ასევე ამ უნივერსიტეტიდან, მაგრამ დიპლომი, რომელსაც აქაური სტუდენტები მიიღებენ, იქნება ჩვეულებრივი ამერიკული დიპლომი, როგორსაც იღებს ჰარვარდის კურსდამთავრებული, როგორც იღებს მასაჩუსეტსტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, იღებს მინესოტას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული...

თქვენ იქნებით ამერიკულდიპლომიანი ქართველი ახალგაზრდები - აი, ეს არის ჩვენი მომავალი.

ნურავის ნუ წააბილწინებთ ამ მომავალს, ნურც რუსულ ტექნოლოგიებს და ნუ დააბრუნებთ 21-ე საუკუნის საქართველოს წარსულის ბნელეთში.

გადახედეთ თუნდაც ამ ქალაქს.

ზოგიერთებს ენატრება ძველი ბათუმი, ზოგიერთებს - ასლან აბაშიძე და არა მხოლოდ ის - პირდაპირ სია აქვთ...

მითხრეს, რომ გუშინ გამოუცხადებიათ - თურმე, მემედ აბაშიძის ძეგლს უნდა დააბრუნონ ამ შადრევნების ნაცვლად და ჩაზნექილი სკამები - მე მათ ვციტირებ.

მინდა მხოლოდ ერთი რამ გითხრათ: მემედ აბაშიძის ძეგლი იქნება იქ, სადაც არის,  ჩაზნექილი სკამები კი დაიდგან სახლში.

საქართველო ივლის წინ და განვითარდება.

და კიდევ ერთი, ამ ბოლო დღეების განმავლობაში და ახლაც, იმის გამო, რომ ძალიან გაბრაზებული, შეძრწუნებული ვიყავით თითოეული ჩვენგანი, ზოგიერთებს გაუჩნდათ განცდა, ახლა მათი დრო დგება.

ეს გეგმა დიდი ხნის წინათ იყო დაწერილი, ყველაფერი გათვლილია, ეს უნდა გამოეგდოთ არა 17 სექტემბერს, არამედ 24-ში.

ჩვენ გამოძიება დავიწყთ და ამიტომ აღმოვაჩინეთ დაგვიანებით, თუმცა კი ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ.

24 რიცხვში, როდესაც ხალხი გაბრაზდებოდა და სამართლიანადაც, დროც აღარ დაგვრჩებოდა რეაგირებისთვის.

ეს იყო მათი გეგმა.

მერე ყველაფერი უნდა არეულიყო და არჩევნები უნდა ჩამოშლილიყო.

ჩვენ ერთი კვირით შევაცვლევინეთ მათ გრაფიკი, მაგრამ ბოლო დღეებში მათ ჰქონდათ განცდა, რომ ახლა არის ოფისებში შევარდნის, რევანშის აღების, თავში წარტყმის, რაღაცეების ჩამოგლეჯის, ჩამოხევის, ციხის ბუნტის მომენტი და შემდეგ უკვე ყველაფრის უკან დაბრუნების.

ეს სქემა ჩვენ ვიცით და ამ სქემას ჩვენ ყველას გავაცნობთ.

გუშინ ჩვენ თბილისში გავხსენით იუსტიციის სახლი; გიორგი ტუღუშთან ერთად შევქმნით და გავხსნით ახალ პენიტენციურ სისტემას, რაც უკვე დავიწყეთ კიდეც.

მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ვიცი რა განსხვავებაა, დღევანდელ ციხეებსა და იმ ციხეებს შორის, რომლებიც ადრე იყო.

მართალია, ახლა უკვე ის აღარ არ არის, რაც იყო, მაგრამ, რაც დარჩა, იმასაც ამოვძირკვავთ.

3-ჯერ უკეთეს სისტემას შევქმნით, რომ ის საშინელება ვეღარასდროს დაბრუნდეს უკან.

ხვალ ვიწყებთ ლაზიკის გრანდიოზული პორტის მშენებლობას.

ყოველ დღე სხვა მხარეები მოგვიწოდებენ, რომ დავბრუნდეთ წარსულში, მაგრამ ყოველდღე ჩვენ ვხსნით ახალს, რაც ქმნის ჩვენს მომავალს და წარსულში ვერასდროს ვეღარ დაგვაბრუნებენ.  

ჩემო ძვირფასებო, ასეთი უნივერსიტეტი რომ მქონოდა საქართველოში, ამერიკაში სასწავლებლად არ წავიდოდი.

დღესაც მინდა გითხრათ, უცხოეთშიც აუცილებლად უნდა ისწავლოთ.

ყველა ქართველს, რომელსაც 50 წამყვან უნივერსიტეტში მიიღებენ, მაგისტრატურაზე, საზაფხულო სკოლასა თუ დროებით კურსებზე, ყველას დავაფინანსებთ.

უპირველესად, მე საქართველოში ვისწავლიდი, ჩემ დროს რომ ყოფილიყო ჩაბარება შესაძლებელი ისე, როგორც ახლაა - კორუფციის გარეშე, არც უკრაინაში წავიდოდი, არც საფრანგეთში, არც იტალიაში და არც ამერიკაში.

ამას, რა თქმა უნდა, არ ვნანობ, მაგრამ თქვენ უნდა ისწავლოთ აქ და აუცილებლად უნდა უნდა გაიაროთ სტაჟირება და მიიღოთ გამოცდილება უცხოეთში, საიდანაც ყველანი დაბრუნდებით ამ ქვეყანაში და თქვენი სახით გვეყოლება საუკეთესო სპეციალისტები.

აქ იქნება საუკეთესო უნივერსიტეტი, აშენდება საუკეთესო ქალაქები, აქ გვექნება საუკეთესო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უმუშევრობას დავძლევთ და იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, ყველანი ერთად გადავლახავთ ამ პერიოდს.

თითოეულ ქართულ ოჯახში ჩვენ შევიტანთ სინათლეს და უფრო მეტ კეთილდღეობას.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ბათუმში ყველა შენობა ასეთი არ არის.

ბათუმის დიდი ნაწილი  ჯერ კიდევ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ გაძლევთ სიტყვას, რომ 18 თვეში ბათუმი იქნება ქალაქი, რომელშიც არ იქნება არც ერთი ბარაკი.

18 თვეში ბათუმი იქნება ქალაქი, სადაც არ იქნება არც ერთი სახლი თანამედროვე წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემის გარეშე.

რაც მთავარია, გაჩნდება ბევრად მეტი სამუშაო ადგილები.

დღეს ჩვენ ჩვენი გზის მხოლოდ დასაწყისის დასაწყისში ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი ამოცანაა არა ის, რომ ყველაფერი რაც შევქმენით, ახლა ხელში გადაეცეთ მათ, ვინც საქართველოს დააბრუნებს წარსულში...

ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო გადმოგცეთ თქვენ, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დამოუკიდებლობასთან ერთად გაიზარდეთ, რომლებიც არასდროს დათმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ხართ ყველაზე ნიჭიერები და იქნებით ყველაზე განათლებული  და წარმატებული ცხოვრებაში.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)