Google+

რელიზები

21.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის იუსტიციის სახლი გახსნა 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თბილისის იუსტიციის სახლი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი შენობა დაათვალიერა და Just Café-ს სერვისითაც ისარგებლა. მიხეილ სააკაშვილი მომსახურეობის პირობებით დაინტერესდა და იმის დასადგენად, თუ რამდენი ხანი სჭირდება ამა თუ იმ სერვისის მიღებას, მის საკუთრებაში არსებული ყვარლის სახლის ამონაწერი მოითხოვა.  

„საუკეთესო ოფისია მათ შორის, რომელიც ევროაპაში გვინახავს. ეს არის ის, რითიც საქართველომ უნდა იამაყოს, რადგან ამის პრეცედენტი საქართველომ შექმნა. საქართველოში ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ მაქსიმალურად ნაკლები შეხება გვქონდეს სახელმწიფო ორგანოებთან და თუ გაქვს, უნდა იყოს ბევრად უფრო სასიამოვნო, ვიდრე ეს ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოშია. ჩვენ ავიღეთ ამერიკული და ევროპული - ორი საუკეთესო  მოდელი და შეგნებულად გავაკეთეთ მათი შუალედური, ყველაზე კარგი ვარიანტი. იუსტიციის სახლის ალტერნატივა იყო საპასპორტო მაგიდები, უხელფასო ქალბატონები, რომლებიც ხელებში შემოგყურებენ. მათაც სხვა რა გზა არ ჰქონდათ - ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ყველა ადმიანს მუშტრის თვალით უყურებენ. ეს არის ხალხის მომსახურების უდიდესი ცენტრი, სადაც დღეში 15 ათას მომხმარებელს შეეძლება მომსახურების მიღება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის სახლი არის „იმ ახალი ურთიერთობის სიმბოლო, რომელიც ჩამოყალიბდა ხალხსა და მთავრობას შორის - მთავრობას, რომელიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხს ემსახუროს“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს შენობა აბსოლუტური ანტიპოდია იმ ჩაკეტილი სისტემისა, რომელიც წარსულში იყო. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ მომსახურების ძველი სტილი, საქართველოს სახელმწიფო უწყებებში აღარასდრს დაბრუნდება და დასძინა, რომ ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა პოლიციის, საბაჟო და საგადასახადო სისტემებში, მთელ სახელმწიფო აპარატს მოედება.

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი აუცილებლად შესრულდება. მთავრობა ყოველთვის იკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ და მუდმივად იზრუნებს მათი უფლებების დაცვაზე.

პრეზიდენტი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იმ უკანონობასა და საზარელ ფაქტებს, როგორიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა, ხელისუფლებამ უპასუხა ისე, როგორც ეს 21-ე საუკუნის დემოკრატიული მთავრობა გააკეთებდა. მისი თქმით, მთავრობამ მთლიანად დაშალა ის სისტემა, რომელმაც ვერ მოახერხა ამ დანაშაულების აღკვეთა, თუმცა ამ უწყების რეორგანიზაცია უკვე დაიწყო ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის ხელმძღვანელობით.  

ქვეყნის პირველმა პირმა მთავრობის საკადრო ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი, რომელიც ამ სისტემის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო და შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ეკატერინე ზღულაძე ახალი საქართველოს და შემდგომი ცვლილებების სიმბოლოს წარმოადგენენ, ისევე როგორიც იუსტიციის სახლის ახალი შენობაა. მისივე თქმით, ახალი იუსტიციის სახლი იმედის შუქურაა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ისევე, როგორც პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში.

თბილისის იუსტიციის სახლი, რომლის საერთო ფართი 32.000 კვადრატული მეტრია,  ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის პროექტით შეიქმნა და სახელმწიფო და კერძო სერვისებს გააერთიანებს. ახალი სერვისცენტრი   დღეში, საშუალოდ, 15 ათას  მომხმარებელს მოემსახურება და მათ 300-ზე მეტ სერვისს შესთავაზებს. ყველაზე ინოვაციური სერვისი, რომელსაც თბილისის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს შესთავაზებს, Just Drive  და JustCafe-ა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)