რელიზები
18.09.2012
მიხეილ სააკაშვილი შუხუთი-ძიმითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო
მიხეილ სააკაშვილი შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 17,5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო და იქ დასაქმებულ ადამიანებსაც გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა საგზაო სამუშაოების შესრულების პროცესში, სიმბოლურად, თავადაც მიიღო მონაწილეობა და გზის დამგები მანქანის საჭეს პირადად მიუჯდა.
პროექტის ფარგლებში დაიგება გზის საფუძველი, გაკეთდება სანიაღვრე არხები, აშენდება ხელოვნური ნაგებობები და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მშენებლობაზე 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.
საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, პროექტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს გურიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ესტუმრა.