რელიზები
18.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა ჩიბათის ახალი სკოლა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი ლანჩხუთის რაიონის სოფელი ჩიბათის ახალ სკოლას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი შენობა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ქვეყნის პირველი პირი სასწავლო პროცესსაც დაესწრო, უცხოელ პედაგოგს გაესაუბრა და ინფორმატიკის კაბინეტში შეკრებილ აბიტურიებტებსაც შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, შემუშავდეს ელექტრონული სახელმძღვანელოების სისტემა, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ისარგებლებენ.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის უნდა შევქმნათ ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომელთა ჩატვირთვა კომპიუტერებში გახდება შესაძლებელი და ბევრად უფრო ეფექტიანი იქნება. სხვათა შორის, ახლა ესტონეთში პირველკლასელი ბავშვებისთვის პროგრამირების კურსი შეიქმნა. პირველ ეტაპზე, ესტონელები აქაც უნდა ჩამოვიყვანოთ, რათა ჩვენს ბავშვებსაც ჰქონდეთ ამ მიმართულებით სწავლის შესაძლებლობა. მათ უნდა დაატრეინინგონ ჩვენი სპეციალისტები, რათა შემდგომ ჩვენებმა ასწავლონ ბავშვებს პირველივე კლასიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჩიბათის ახალი სკოლა, რომლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა ყველა საჭირო სასკოლო ინვენტარით არის აღჭურვილი. სკოლას აქვს გათბობის თანამედროვე სისტემა, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული მოედანი.
დღესდღეობით, ჩიბათის სკოლაში 168 მოსწავლე სწავლობს და 33 პედაგოგი ასწავლის, რომელთაგან სამი სერტიფიცირებულია.