რელიზები
18.08.2012
მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას გურიაში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს გურიას ესტუმრა და შუხუთისა და ჩიბათის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს მან ის გეგმები და სოციალური პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება რეგიონში უახლოეს მომავალში დაიწყება. ქვეყნის პირველმა პირმა უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ კუთხის ასაყვავებლად.
„იცით როგორი განცდაა საქართველოში? როდესაც თბილისში დავიწყეთ შენება, ამბობდნენ, რომ ყველაფერი მხოლოდ თბილისში კეთდება და სხვაგან არაფერი ხდებაო. შემდეგ ბათუმში გადავინაცვლეთ, რომელიც ახლა მსოფლიო სასწაულია. მაშინ ქუთაისელები გვეუბნებოდნენ: ქუთაისი სულ არ განაღვლებთ და მხოლოდ თბილისი-ბათუმის მიმართულებით დაფრინავთო. როდესაც ქუთაისში დავიწყეთ კეთება, ამასობაში, კახელები გაბრაზდნენ ძალიან: კახეთი მიტოვებულია და საშინელ დღეშიაო. ახლა თელავს მივადექით და ისე ვაკეთებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი გახდება. საქართველოს ყველაზე მიტოვებული კუთხე სამცხე-ჯავახეთი იყო. ახალქალაქში უზარმაზარი სარკინიგზო ცენტრი გავაკეთეთ, რომელსაც რამაზ ნიკოლაიშვილის ხელდასმით, მალე დავასრულებთ. ეს, მართლაც, ათასწლეულის პროექტია. გუშინწინ, ალბათ, ნახავდით რა სასწაული გაკეთდა ახალციხეში... ამას იმიტომ ვყვები, რომ განვითარება ყველგან მიაღწევს. შეიძლება, ადამიანმა თქვას, რომ ჩემამდე არ მოსულაო, მაგრამ მე უფრო მეტსაც გეტყვით - ბათუმის ნახევარი საუცხოოა და ნახევარი საშინელება. ის, ვინც იმ საშინელებაში ცხოვრობს, იტყვის, რომ ჩემამდე არ მოსულანო, მაგრამ ჩემი პასუხი ამაზე, ძალიან მარტივია - ნელნელა ყველა მიმართულებით მივიწევთ და აუცილებლად შევალთ ყველგან, იქაც, სადაც აქამდე არ შევსულვართ. აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ შემდეგი ჩემი „გაჩერება“ არის გურია, მათ შორის კი, განსაკუთრებით - ლანჩხუთი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი გურიაში პირველ ლედისთან და რეგიონალური განვითარების მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.