რელიზები
14.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიური ნაკრების წევრებს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოლიმპიური ნაკრების წევრებს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში იმ ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და გამოსვლა, სიმბოლურად, იმ ინფორმაციით დაიწყო, რომელიც ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობას შეეხება.
„რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება - ახალი, უმშვენიერესი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, მთავარი ეკონომიკური ცენტრი გარშემო მყოფი ადგილებისთვის; საინჟინრო თვალსაზრისით, აქ აშენდება ყველაზე გამართული ქართული პორტი... დარწმუნებული ვარ, ეს ქალაქი გახდება ქართული სიამაყე და ანდამატივით მიიზიდავს ყველას, მათ შორის მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს. ლაზიკას იდეა - ეს არის საქართველოს იდეა, საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობის იდეა და არა ომისა და ნგრევის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა სპორტსმენებს წარმატება მიულოცა და შემდგომი წინსვლაც უსურვა. ნაკრების წევრებს მან სამაგალითო უწოდა და აღნიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველომ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა. პრეზიდენტის თქმით, „არ არსებობს ძლიერი და დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე, თუკი გამარჯვების სულისკვეთება გაქვს“.
„არ შემიძლია არ ვიტრაბახო მიღწეული შედეგით. ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ვიყავით „ბრინჯაოს“ ეპოქაში. პირველი ოქროები 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ავიღეთ. 2008 წელს სამი ოქრო გვქონდა პეკინში. მართალია, ამ ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ოქრო ავიღეთ, მაგრამ 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალიც მოვიპოვეთ - ეს საუკეთესო შედეგია ჩვენი პატარა, მებრძოლი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.