მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მე-9 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” მუშაობაში იღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ყურადღება ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა. იგი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, პირველი, რაც ახალმა ადმინისტრაციამ გააკეთა იყო ის, რომ დაიწყო სწრაფვა ევროპული ფასეულობებისკენ. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ევროინტეგრაცია ჩვენთვის არა უბრალოდ არჩევანი, არამედ მთავარი ფასეულობაა. მისი განცხადებით, მომავალ, 2013 წელს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
„საბჭოთა კავშირის დაშლისას, ჩვენი პირველივე განცხადება იყო ის, რომ გვსურს ევროპული მომავლისკენ სვლა. რასაკვირველია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ერთი ძირითადი იდეა მაინც დარჩა ქართულ მენტალიტეტსა და ფსიქიკაში ისაა, რომ საქართველო უნდა გახდეს თანამედროვე ევროპული ქვეყანა, ევროპული დემოკრატია. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რასაც ჩვენი მიღწევებიც ადასტურებს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური, კორუმპირებული და სასოწარკვეთილი სახელმწიფო მსოფლიოში, მაგრამ ამის დამარცხება ამ წლებში შევძელით. როდესაც საუბარია ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, ეს მახასიათებლები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უამრავი ევროპული კვლევა ვიცით, რომელთა თანახმად, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კრიმინოგენულ ქვეყანად სახელდებოდა. დღეს კი ევროკავშირის კომისიების კვლევებით, ეს ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, თუნდაც ისეთ ქვეყნებთან შედარებით როგორიცაა დანია და ისლანდია. რეალური მაჩვენებლებით, ჩვენ 4-ჯერ ნაკლები დანაშაულის დონე გვაქვს რუსეთთან შედარებით. რაც შეეხება კორუფციას, არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია ისეთი დიდი პროგრესი მასთან ბრძოლის თვალსაზრისით ბოლო 5 წლის განმავლობაში, როგორიც აქვს საქართველოს. ევროკავშირის ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ფილიპ დიმიტროვმა რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ამ ტრანსფორმაციას განსაზღვრავს. მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ კომპანიების ყველაზე სწრაფი რეგისტრაციის, სამომხმარებლო პროცედურების, საკუთრების ტრანზაქციისა და საიდენტიფიკაციო ბარათების უმოკლეს ვადებში გაცემის პრაქტიკა გვაქვს. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასამმაგდა. საქართველომ შეძლო სიღარიბის დონის შემცირება 52–დან 20 პროცენტამდე, როგორც იცით, მიმდინარეობს ჯანდაცვის რეფორმა, აშენებულია ახალი საავადმყოფოები. ამასთანავე წლის დამლევს მოსახლეობის ნახევარი იქნება დაზღვეული. მომავალ რამდენიმე წელიწადში კი ჯანდაცვის უნივერსალური დაზღვევა გვექნება. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი არ არის. ჩვენთვის, ისევე, როგორც მოლდაველი მეგობრებისთვის, ევროპის ხიბლი იასაა, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ამ რეგიონში საქართველო, მოლდოვასთან ერთად, რეფორმებისა და ცვლილებების თვალსაზრისით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი იდეაა, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ ბევრს ისიც უკვირდა, რომ ჯერ კიდევ ვიყავით აღნიშნული რუკაზე. ამ დროს შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობა და ეს დიდი შვება იყო ჩვენთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი რამ იყო რეგიონის სხვა ქვეყნებსითვისაც. აღმოსავლეთ პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპასთან ჩვენი დაახლოვების მხრივ. ჩვენ ყველანი დსთ-ის წევრები ვიყავით და ზოგიერთი მათგანი დღემდე რჩება ამ ორგანიზაციის წევრად. თუმცა ყველა გვეთანხმება, რომ დსთ არ სთავაზობს სახელმწიფოებს დისკუსიების ნორმალურ ფორმას. სწორედ ამიტომ არ გვწყდება მასზე გული და სხვა ყოფილ წევრებსაც სურთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ჩართვა. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ 2014 წლისთვის შესაძლებელი იყო გვქონოდა გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ამ წელს შეგვიძლია მივიღოთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ასევე გაგვეფორმებინა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ევროპული პერსპექტივა ჩვენთვის ვილნიუსის სამიტზე გაიხსნება, მაგრამ სწორედ ამას ეძღვნებოდა გუშინ აქ ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრა პრეზიდენტ მარტენსის მონაწილეობით. ჩვენი ევროპული პერსპექტივა საბოლოო დოკუმენტშიც აისახა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
კონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს ეძღვნება, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის საკითხებს, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ხალხთა შორის კავშირებს.
ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.